საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს მე-3 მატჩიც მოუგო და ფედერაციის თასის I ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში თამაში დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო – 3:0.
შეგახსენებთ, რომ მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერის კაპიტნობით, ქართველმა ჩოგბურთელებმა თამაშის ბედი ერთეულთა მატჩების შემდეგვე გადაწყვიტეს. საწყის შეხვედრაში ეკატერინე გორგოძემ (327-ე რეიტინგში) მადრი ლე რუს (707-ე) 6:3, 6:1 სძლია, მცირე ხანში კი მას მხარი სოფო შაფათავამაც (226-ე) აუბა და ჩანელ სიმონდსს (317-ე) 7:5, 6:4 მოუგო.
წყვილთა შეხვედრაში, რომელიც უკვე აღარაფერს წყვეტდა, ეკატერინე გორგოძემ (წყვილებში 190-ე) და ოქსანა კალაშნიკოვამ (მე-60) ილზე ჰატინგსს (428-ე) და მიშელ სამონსს (323-3) 6:4, 7:6 (8:6) მოუგეს. მოკლედ, საქართველოს ნაკრებს პირველ მატჩში ერთი სეტიც კი არ დაუთმია.
შეგახსენებთ, რომ ფედერაციის თასის I ჯგუფის ევრო-აფრიკული ზონის 14 ნაკრები ისრაელის ქალაქ ეილატშია შეკრებილი და ორ ოთხგუნდიან და ორ სამგუნდიან ჯგუფშია გადანაწილებული.
ტურნირის რეგლამენტის თანახმად, A ჯგუფის (შვედეთი, უკრაინა, პორტუგალია) გამარჯვებული ნახევარფინალში C ჯგუფის (ხორვატია, თურქეთი, ესტონეთი, ისრაელი) საუკეთესო ნაკრებს შეხვდება.
თავის მხრივ დაწყვილდებიან B (დიდი ბრიტანეთი, საქართველო, სამხრეთ აფრიკა) და D (უნგრეთი, ბელგია, ბულგარეთი, ლატვია) ჯგუფის საუკეთესო გუნდები. ამ მატჩებში გამარჯვებული 2 ნაკრები ფედერაციის თასის მსოფლიო ჯგუფის პლეი-ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
ისიც ვთქვათ, რომ 4 თებერვალს საქართველოს ნაკრები ისვენებს (ამ დღეს სამხრეთ აფრიკა დიდ ბრიტანეთს ეთამაშება), 5-ში კი უმთავრეს კონკურენტ დიდ ბრიტანეთს გაეჯიბრება სავარაუდოა, რომ B ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობას სწორედ ეს დაპირისპირება გაარკვევს.