რაგბი

16:13 | 3.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

რაგბი თიბისი ბანკის თამაშიც გახდა

დღეს, თიბისი ბანკის ცენტრალურ ოფისში ბანკის ხელმძღვანელობამ და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ ოფიციალურად გააფორმეს ხელშეკრულება და თიბისი ბანკი სრკ-ს გენერალური სპონსორი გახდა.

“რაგბი ჩვენი თამაშია” - ეს სლოგანი ახლა უკვე თიბისი ბანკსაც მოიცავს და ესტაფეტა ვითიბი ბანკისგან გადაიბარა, რომელიც ბოლო დროს, 2015 წლის მსოფლიო თასის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორი იყო. ამიერიდან, “ბორჯღალოსანთა” კვართს ვითიბი-ს ნაცვლად თიბისი დაამშვენებს და ასე გაგრძელდება მინიმუმ ოთხი წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ თიბისის ქართულ რაგბისთან აქამდეც ჰქონდა კონტაქტი და მისი სახელით შარშან საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში “თიბისი უნივერსიტეტი” თამაშობდა, რომელიც ამჟამად პირველ ლიგაში გამოდის.

პრესკონფერენციას თიბისი ბანკის ხელმძღვანელობა, რაგბის კავშირის ადმინისტრაცია, ეროვნული ნაკრების მწვრთნელები და მორაგბეები დაესწრნენ, რომლებიც გერმანიასთან მატჩისთვის ემზადებიან. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თიბისი ბანკი საქართველოს რაგბის კავშირის, ეროვნული და ყველა ასაკობრივი ნაკრების სპონსორი ხდება. გარდა ამისა, ეს ბანკი იქნება საქართველოს 7-კაცა ნაკრების ერთ-ერთი უმთავრესი პარტნიორიც.

გეგმის თანახმად “ბორჯღალოსნები” უკვე 6 თებერვალს, გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ თიბისი ბანკის ბრენდის ქვეშ ითამაშებენ; 2017 წლის 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები ასევე თიბისი ბანკის მხარდაჭერით ითამაშებს; იგეგმება რაგბის ბრენდული მაღაზიების განახლება და სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებების, მათ შორის სოციალური პროექტების განხორციელება.

ვახტანგ ბუცხრიკიძე (თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი): “დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა თიბისი ჯგუფისთვის. დიდი ხანია ვცდილობთ საქართველოს რაგბის კავშირთან კონტაქტის დამყარებას და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, ეს დღეც დადგა. რაგბი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია და გვსურს, რომ მისი გამარჯვებების ნაწილი გავხდეთ. შედეგად, ვაფორმებთ 4-წლიან ხელშეკრულებას და ჩვენი თანამშრომლობა მრავალმხრივი იქნება”.

გოჩა სვანიძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი): “დიდი მადლობა თიბისის თანადგომისთვის. ისე, როგორც აქამდე, ქართული რაგბი ახლაც გამარჯვებებით აპირებს წინ და წინ სიარულს. საქართველოს რაგბის კავშირისა და თიბისის ხედვები ერთმანეთს ემთხვევა და ვაპირებთ, რომ რაგბი სახალხო თამაშად ერთად ვაქციოთ”.

ბადრი ჯაფარიძე (თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე): “მინდა ვისურვო, რომ 4 წლის შემდეგ, როდესაც განვლილი თანამშრომლობის შეჯამებისთვის შევიკრიბებით, სამომავლო გეგმებზე უფრო მეტი გვქონდეს სათქმელი. დღეს ორი წარმატებული პროექტის განხორციელება ხდება: თიბისი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გააკეთო წარმატებული ბიზნესი, ხოლო რაგბი მაგალითია იმისა, როგორ უნდა იყო წარმატებული სპორტში”.

მამუკა ხაზარაძე (თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე): “უწინარესად, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ მებრძოლს, რომელმაც ასეთი სიხარული მოუტანა ჩვენს ქვეყანას. ესენი არიან მოთამაშეები, მწვრთნელები და ასევე, პირადად გიორგი ნიჟარაძე, რომელმაც უზარმაზარი შრომა გაწია ქართული რაგბის წარმატებისთვის. მივესალემები გოჩა სვანიძეს, რომელმაც ესოდენ მნიშვნელოვანი პოსტი ჩაიბარა. 25 წელიწადია თიბისი ბანკი წარმატებით მოდის და ასევე 25 წელიწადია ქართული რაგბი სიხარულს გვანიჭენს და ახლა ეს ორი ბრენდი ერთიანდება. რაგბი ქართული სულია, რომელიც გამარჯვებისკენ სწრაფვას და მომავალი გამარჯვებისთვის მზადებას მოიცავს”.

გიორგი ნიჟარაძე (საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი): “ბედნიერი ვარ დღევანდელ შეხვედრას რომ ვესწრები. დღეს სიმბოლური დღეა, რადგან ჩემგან ესტაფეტა გადაეცემა გოჩა სვანიძეს, ისე, როგორც ჩემმა წინამორბედებმა მიიღეს ესტაფეტა მათი წინამორბედებისგან და ასე გაგრძელდება მომავალშიც. მეორეს მხრივ, თიბისი ბანკმა ესტაფეტა მიიღო ვითიბი ბანკისგან, რომელიც უმძიმეს პერიოდში დაგვიდგა გვერდში და მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო არაჩვეულებრივი პარტნიორობისთვის. ცხოვრებაში ასეა - ყველაფერი იცვლება და დღეიდან ქართულ რაგბის თიბისის სახით ახალი პარტნიორი ეყოლება. ეს ის ადამიანები არიან, ვისთანაც მთელი ცხოვრება მაკავშირებს. მინდა ვისურვო, 4 წლის შემდეგ ვთქვათ, რომ გოჩა სვანიძე უკეთესი პრეზიდენტი იყო, ვიდრე გია ნიჟარაძე და ასე გაგრძელდეს უწყვეტად”.

პრესკონფერენციის დასრულებისას გოჩა სვანიძემ ვახტანგ ბუცხრიკიძეს სიმბოლური საჩუქრები გადასცა - საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური, უკვე თიბისი ბანკის ლოგოთი და მორაგბეების ხელმოწერით, რაგბის ბურთი ასევე ავტოგრაფებით და საქართველოს რაგბის კავშირის ემბლემა. იმედია, თიბისი ბანკთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი იქნება ქართული რაგბისათვის.

0.304895