თანამედროვე ფეხბურთში სტანდარტული სიტუაციის კარგად შესრულებას დიდი მნიშვნელობა აქვს და ამაზე მწვრთნელები თუ ფეხბურთელები ცალკე მუშაობენ. XX საუკუნის მიწურულსა და XXI საუკუნის დასაწყისში არაერთი ვარსკვლავი ყოფილა, რომელთაც საჯარიმოების უნაკლოდ შესრულება შეეძლოთ.
დღემდე ფეხბურთის მოყვარულთა შორის ბევრი დავა მიდის იმაზე თუ ვინ იყო ამ კომპონენტში საუკეთესო – დევიდ ბექჰემი თუ ჟუნიონი პერნამბუკანო, ანდრეა პირლო თუ რონალდინიო... მოკლედ, ბოლო 20 წლეულის 10 საუკეთესო ჯარიმების შემსრულებლს წარმოგიდგენთ. შეგიძლიათ მათი ვიდეობმულებიც იხილოთ და მათგან საუკეთესოები თვითონვე აარჩიოთ...
სინიშა მიხაილოვიჩი – სერბეთი
სინიშა მიხაილოვიჩის ლეგენდარული მარცხენა ფეხი. “მილანის” ამჟამინდელი თავკაცისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ რომელი კუთხიდან გაგზავნიდა ბურთს კარში – შედეგი მაინც ერთიდაიგივე იყო. მიხაილოვიჩი ორი საინტერესო რეკორდის პატრონია: სერია A-ში ჯარიმების რაოდენობით საუკეთესო ბომბარდირია (27 გოლი), და 1998 წლის 13 დეკემბერს, რომის “ლაციოს” მაისურით გენუის “სამპდორიას” სამი გოლი გაუტანა და სამივე სტანდარტიდან!..
როჟერიუ სენი – ბრაზილია
კარიერაში 100 გოლი ბევრ თავდამსხმელს ვერ გააქვს. თუმცა ბრაზილიელმა მეკარე როჟერიუ სენიმ ამის გაკეთება მოახერხა. სენიმ, რომელმაც კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა, ჯამში ჯარიმიდან 56 გოლის გატანა შეძლო.
შუნსუკე ნაკამურა – იაპონია
შუნსუკე ნაკამურას ჩინებულ მარცხენას არაერთხელ მოუყვანია აღტაცებაში მაყურებელი. მისი საჯარიმო დარტყმები კარგად უნდა ახსოვდეთ “მანჩესტერ იუნაიტედის” ქომაგებს, რადგან 2006-2007 წლების სეზონში “სელტიკის” მაისურით “წითელ ეშმაკებს” ორჯერ გაუტანა. შუნსუკე, რომელიც 37 წლისაა, ახლაც ფორმაშია და 2015 წელს 4-ჯერ ზუსტად დაარტყა სტანდარტიდან. განსაკუთრებით ლამაზი და მნიშვნელოვანი კი “გამბა ოსაკას” კარში 94-ე წუთზე გატანილი ბურთი გამოდგა.
დევიდ ბექჰემი – ინგლისი
წარმოუდგენელია სიის მიღმა ლეგენდარული ინგლისელი დარჩენილიყო. დევიდ ბექჰემს საჯარიმოების შესრულების თავისი სტილი ჰქონდა. რაღაც განსაკუთრებულად განსხვავებული და გამორჩეული. ინგლისის ნაკრები, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “რეალი” თუ ლოს ანჟელეს “გელექსი” მისგან საფირმო სტანდარტებს მოკლებული არ იყო. დაუვიწყარია მის მიერ საბერძნეთის ნაკრების კარში “ოლდ ტრაფორდზე” გატანილი დიდებული საჯარიმო 2001 წელს...
რობერტო კარლოსი – ბრაზილია
“ხმელი ფოთოლი” – რობერტო კარლოსის მარცხენას სწორედ ასე ეწოდება. 1997 წელს, საფრანგეთის ნაკრებს კარლოსმა 25 მეტრიდან ისეთი ჯარიმა გაუტანა, საუკუნეების განმავლობაში რომ არ მიეცემა დავიწყებას. საერთოდაც რობერტოს ჯარიმები სწორედ სიძლიერით გამოირჩეოდა.
ალესანდრო დელ პიერო – იტალია
როდესაც ჯარიმას ალესანდრო დელ პიერო ასრულებდა, მეკარემ უკვე იცოდა, რომ შანსი თითქმის არ არსებობდა, რომ თავისი გუნდი გადაერჩინა. ალექსს განსაკუთრებით უყვარდა მარცხენა კუთხიდან და შორი დისტანციიდან გატანა. მის ანგარიშზე იტალიის ჩემპიონატში 22 საჯარიმო გოლია და ამ მხრივ მესამე ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში ჯარიმებიდან ყველაზე მეტჯერ აქვს გატანილი. “იუვენტუსში” და ზოგადად, სამშობლოში ბოლო ჯარიმა 2012 წლის აპრილში გაიტანა, როცა რომის “ლაციოს” თამაშის მიწურულს გაუტანა და “იუვეს” იმ გოლით სკუდეტო მოაგებინა.
რონალდინიო – ბრაზილია
ბრაზილიელი რონალდინიო საოცარი ტექნიკით გამოირჩეოდა და გასაკვირი იქნებოდა ჯარიმის შესრულება რომ უმაღლეს დონეზე არ შეძლებოდა. გაუჩოს საჯარიმოებიდან ალბათ ფეხბურთის მოყვარულებს პირველ ყოვლისა 2002 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრების კარში გატანილი გოლი ახსენდებათ. დევიდ სიმენი ალბათ, დღემდე ვერ გარკვეულა თუ რა მოხდა მაშინ მის თავს...
ჟუნინიო პერნამბუკანო – ბრაზილია
ბევრისთვის ჟუნიონიო ჯარიმების შესრულებაში ყველა დროის საუკეთესო გახლდათ. ვინც ასე ფიქრობს, ძნელია შეედავო. ფაქტები ყველაფერზე თავად მეტყველებენ. თვით ანდრეა პირლოც კი ხანგრძლივი დროის განმავლობაში სწავლობდა, რომ ჟუნინიოს საჯარიმოების საიდუმლო ამოეხსნა... ამის შესახებ იტალიელი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს. ჟუნიონიოს რაც შეეხება, რაც უფრო შორს იყო ბურთი კარისგან, მით უფრო ადვილად გაჰქონდა გოლი...
ანდრეა პირლო – იტალია
ანდრეა პირლო საჯარიმოებს დიდებულად ჯერ კიდევ მაშინ ასრულებდა, როცა “ბრეშასა” და იტალიის 21-წლამდე ნაკრებში თამაშობდა, მაგრამ სხვა პირლო მაინც მას მერე ვიხილეთ, რაც “მაესტრომ” ამოცანა ამოხსნა. პირლომ ჯარიმების შესრულება ჟუნუნიოსგან ისწვალა. კერძოდ, როგორც ანდრეა ამბობს, ის მიხვდა, რომ ბრაზილიელი ბურთს მთლიანი ფეხით არ ეხებოდა. საკმარისი იყო მხოლოდ პირველი სამი თითი და ამის შემდეგ მნიშვნელობა არ ჰქონდა, დისტანციას, მეკარეს, ცოცხალ კედელს – გოლი გარდაუვალი იყო. ანდრეას იტალიის ჩემპიონატში ჯარიმიდან 25 გოლი აქვს გატანილი და რეკორდსმენ მიხაილოვიჩს ორი გოლით ჩამორჩება.
მირალემ პიანიჩი – ბოსნია
მირალემ პიანიჩს ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი, რომ ზემოთხსენებულ ფეხბურთელებს სრულად გაუტოლდეს, მაგრამ ბოსნიელი დღეს საჯარიმოების შესრულებაში უდაოდ გამორჩეულია. პიანიჩი ფრანგულ “ლიონში” მაშინ მოხვდა, როცა “ოლიმპიკის” ღირსებას ჟუნინიო იცავდა და როგორც ჩანს მირალემი კარგი და ჭკვიანი მოსწავლე გამოდგა... მიმდინარე სეზონში პიანიჩს სერია A-ში 5 ჯარიმა აქვს გატანილი.