მადრიდის “ატლეტიკოს” კოლუმბიელი თავდამსხმელი ჯექსონ მარტინესი კარიერას ჩინურ “გუანჯოუ ევერგრანდეში” გააგრძელებს. ავტორიტეტული ესპანური გამოცემა “მარკას” ინფორმაციით, 29 წლის სამხრეთამერიკელი ფორვარდის სანაცვლოდ მადრიდულმა გუნდმა 42 მილიონი ევრო მიიღო. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტრანფერი აზიური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირია. ისიც სათქმელია, “როხიბლანკომ” მარტინესი გასულ ზაფხულს 35 მლიონის სანაცვლოდ დაიმატა და აღნიშნული გარიგებით ფინანსური მოგებაც ნახა. “მარკას” თუ დავუჯერებთ, დიეგო სიმეონე მარტინესის გაყიდვით ნაშოვნ ფულს ზაფხულში დიეგო კოშტას მადრიდში დაბრუნებისთვის გამოიყენებს.
ჯექსონ მარტინესი “ატლეტიკოს” ვერაფრით შეეწყო და სეზონის პირველ ნახევარში ლა ლიგაში ჩატარებულ 15 მატჩში ოდენ 2 გოლის გატანა შეძლო. არადა, მანამდე, წლების განმავლობაში პორტუგალიურ “პორტუში” გოლების გატანა არ უჭირდა და ბევრისთვის მოულოდნელობაც იყო, რომ “ვისენტე კალდერონზე” თავის აჩრდილს ჩამოჰგავდა.