ფეხბურთი

2:46 | 3.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

სახეშეცვლილი "რომა" და ელ შაარავი (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XXIII ტურმა სტარტი დღეს ერთი მატჩით აიღო. რეჯიო ემილიაში, ადგილობრივმა “სასუოლომ” “რომას” უმასპინძლა და ვერაფერს გახდა.

ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით “რომამ” სადებიუტო შეხვედრა შაბათს მოიგო და ერთ გამარჯვებას მეორეც მიაყოლა. თანაც, რაც რომაელ ქომაგებს ყველაზე მეტად უნდა ახარებდეთ, თავიანთი საყვარელი გუნდის გააზრებული თამაშია. “ჯალოროსიმ” დღევანდელ მატჩში დამსახურებულად იმარჯვა, მიუხედავად იმისა, რომ ადვილი შესაძლებელი იყო ქულები ამჯერადაც დაეკარგა. დიახ, მასპინძელ დომენიკო ბერარდის 87-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი კარის ჩარჩოში რომ მოერტყა, არავინ იცის, შეხვედრა როგორ დასრულდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა და გამარჯვებულებსაც არ ასამართლებენო.

“რომამ” კი ანაგრიში მე-11 წუთზე გახსნა, როცა მოჰამედ სალაჰმა საჯარიმოს მისადგომებიდან ბურთი ლამაზად მოჭრა და მოხდენილი გოლი გაიტანა. ბერარდსი გაცუდებულ პენალტზე უკვე ვთქვით და ამას გარდა, მომენტები ორივე გუნდს მრავლად ჰქონდათ, მაგრამ გოლი მხოლოდ მსაჯის მიერ კომპესირებულ მეოთხე წუთზე გავიდა და იგი სტეფან ელ შაარავიმ გაიტანა. ექსმილანელმა “მგლებს” ალღო ადვილად აუღო და ორ მატჩში უკვე ორი გოლი დაუგროვდა. გარდა ამისა, “ფარაონი” მთელი თამაში აქტიური გახლდათ და ეტყობა, რომ იტალიის დედაქალაქში სკამის სახეხად არ ჩასულა. თვითონ გოლს რაც შეეხება, იგი მთლიანად ახალწვეულებმა შექმნეს – ელ შაარავიმ გაიტანა, ასისტენტობა კი დიეგო პეროტიმ გასწია, რომელსაც “რომაში” დებიუტი ჰქონდა.

ამ გამარჯვებით “რომამ” 41 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მილანის “ინტერს” დაეწია, ხოლო მესამე ადგილოსან “ფიორენტინას” ერთადერთი ქულით ჩამორჩება.

“სასუოლო” – “რომა” 0:2 (0:1) (მიმოხილვა)

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

მაყურებელი: 12 000

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსალიკო, კანავარო, აჩერბი, პელუზო; დანკანი (პოლიტანო 83), მანიანელი, ბიონდინი (პელეგრინი 68); ბერარდი, ტროტა (ფალჩინელი 66), სანსონე

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“რომა” (4-2-3-1): შჩესნი; მაიკონი (ემერსონი 80), რუდიგერი, დე როსი (გიომებრი 43), ძუკანოვიჩი; პიანიჩი (ვაინკე 62), კეიტა; სალაჰი, ნაინგოლანი, ელ შაარავი; პეროტი

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გოლები: 0:1 სალაჰი (11), 0:2 ელ შაარავი (90)

გაფრთხილება: დანკანი (76) - კეიტა (30), ნაინგოლანი (74, 87), ვაინკე (90)

გაძევება: ნაინგოლანი (87)

გამოუყენებელი პენალტი: ბერარდი (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (6) – 8 (5) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 8:7 თამაშგარე: 5:2

მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე

თეგებისერია A
0.173035