სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

22:20 | 2.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

,,კაქტუსი“ ,,ვითას“ დასჯას ითხოვს

,,ა“ ლიგის მონაწილე საკალათბურთო კლუბ ,,კაქტუსის“ მთავარი მწვრთნელი, ვეტერანი კალათბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი არჩილ ჟღენტი ,,მსოფლიო სპორტს“ დაუკავშირდა და თავისი აღშფოთება არ დაუმალავს:

- ორი ტურის შემდეგ ,,კაქტუსი“ და ,,ვითა“ 4-4 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებოდნენ. მესამე ტურში ამ გუნდების დაპირისპირებას ერთპიროვნული ლიდერი უნდა გამოევლინა. ამ შეხვედრის დაწყებამდე სამი საათით ადრე კლუბიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ თავისი ნივთებიანად გუნდიდან გაქრა ამერიკელი ლეგიონერი კლარენს ჯექსონი. ,,ვითა“-,,კაქტუსის“ თამაშის დაწყების წინ ჩემთან მოვიდა ,,ვითას“ მთავარი მწვრთნელი და მომიბოდიშა: ,,ძალიან ვწუხვარ, რაც მოხდა. პირადად მე, ამ ფორმით მოთამაშის გუნდში აყვანას არ ვიზიარებ“. მატჩის დასრულების შემდეგ ,,კაქტუსის“ პრეზიდენტი ვეტერანი კალათბურთელი ალეკო დავითულიანი შეხვდა ,,ვითას“ პრეზიდენტს თემურ დათიკაშვილს და სთხოვა, განემარტა, სად იყო ჯექსონი. დათიკაშვილმა თქვა, რომ იგი არაა საქმის კურსში და არც ის იცის , თუ სადაა ჯექსონი. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ დავუკავშირდით ,,ვითას“ წარმომადგენლებს და ვუთხარით, რომ რადგან დაკარგული იყო ამერიკის მოქალაქე, ძებნა უნდა გამოგვეცხადებინა.

ამის შემდეგ მათ აღიარეს, რომ დაუკავშირდნენ ჯექსონს და დაპირდნენ, თუ იგი მონაწილეობას არ მიიღებდა ამ თამაშში, მასთან გააფორმებდნენ კონტრაქტს და ,ვთბ-ლიგაშიც ათამაშებდნენ.

- რაც თქვენ მოყევით, ამას კლარენს ჯექსონი თუ ადასტურებს?
- რა თქმა უნდა, ადასტურებს.
- კონკრეტულად ვინ დაუკავშირდა ჯექსონს?
- ,,ვითას“ მენეჯერი ლევან მიქელაძე, რომელიც კლარენსის მენეჯერსაც ესაუბრა და გუნდის მიერ წაყენებული პირობების შესრულების შემთხვევაში, ,,ვითასთან“ კონტრაქტის გაფორმებას დაპირდა.
- ,,ვითამ“ ჯექსონს კონტრაქტი გაუფორმა?
როგორ გაუფორმებდა, როდესაც მას ჩვენთან აქვს კონტრაქტი გაფორმებული. კონტრაქტი რომ ჰქონოდა, გუშინდელ შეხვედრაშიც მიიღებდა მონაწილეობას, სადაც ,,ვითამ“ ვთბ ლიგაში ,,ხიმკის“ უმასპინძლა.
- აპირებთ თუ არა კლარენსის გუნდში დაბრუნებას?
- რა თქმა უნდა, არა. რაც მან გააკეთა, ამის შემდეგ გუნდში როგორ დავტოვებ! არ მჭირდება ისეთი კალათბურთელი, რომელიც გუნდის ერთგული არაა.
- თვითონ ჯექსონი რას აპირებს?
- გაოგნებულია. ამბობს, აქ სად მოვხვდიო და რაც შეიძლება , მალე სურს სამშობლოში დაბრუნდეს.
- მაშინ რას უცდის? გათავისუფლების ფურცელს?
- ჯექსონი გათავისუფლების ფურცელს მხოლოდ მაშინ მიიღებს, როდესაც იმ ზარალს გადაიხდის, რომელიც ზემოხსენებული ფაქტის გამო გუნდმა მიიღო. სამწუხაროდ, ტრანსფერების ფანჯარა დახურულია და ახალ ლეგიონერს ვეღარ ავიყვანთ.
- ამ ფაქტის შემდეგ, როგორ აპირებთ ურთიერთობის გარკვევას ,,ვითასთან“?
- განცხადება შევიტანეთ საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში და ვითხოვთ, იმსათვის, რაც ,,ვითამ“ ჩაიდინა, მთელი სიმკაცრით დაისაჯოს.
- კონკრეტულად, რა გაქვთ მხედველობაში?
- რასაც ფედერაცია გადაწყვეტს, ოღონდ სასჯელი მკაცრი უნდა იყოს.

არჩილ ჟღენტთან საუბარი დღის პირველ ნახევარში შედგა. მას შემდეგ ,,მსოფლიო სპორტი“ გვიან საღამომდე ეცადა ,,ვითას“ წარმომადგენლებს დაკავშირებოდა, მაგრამ დიდი მცდელობის მიუხედავად, ეს, ვერ მოვახერხეთ.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.120284