ფეხბურთი

17:11 | 2.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლექსო თოფურია: “პრიორიტეტი მოედნების გაკეთება უნდა იყოს”
“გიორგი არაბიძე 650 000 ევროდ გაიყიდა და შემდგომი გაყიდვიდან 20 პროცენტი გვერგება”

თბილისის “ლოკომოტივს” თავისი სახე და მიზანი ყოველთვის ჰქონდა, ახლაც ასეა და კლუბი საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეულია ახალგაზრდა ფეხბურთელების ევროპაში გაყიდვით. ეს პროცესი არც მაშინ შეჩერებულა, როცა “ლოკომოტივი” პირველ ლიგაში თამაშობდა.

თავის დროზე ლევან ყენია “ლოკომოტივიდან” “შალკეში” 3 000 000 ევროდ გაიყიდა, რაც ბოლო წლების ქართულ რეალობაში რეკორდია. ბოლო გარიგება კი ქართულმა კლუბმა დონეცკის “შახტართან” მოახერხა, როცა გიორგი არაბიძე გაყიდა.

worldsport.ge “ლოკომოტივის” პრეზიდენტ ლექსო თოფურიას ესაუბრა:

- “ლოკომოტივს” კურსი ხომ არ შეუცვლია? ვგულისხმობთ ტალანტების აღზრდას, დაწინაურებას მთავარ გუნდში და შემდეგ გაყიდვას.

- არა. პრინციპში, შარშან გამოცდილი ფეხბურთელები დავიმატეთ, რადგან გვსურდა, რომ შემადგენლობაში გარკვეული სინთეზი ყოფილიყო. ამ ზამთარს კი დავიბრუნეთ ფეხბურთელები, რომლებიც ადრე ჩვენთან თამაშობდნენ: ნიკა ჭანტურია, ლუკა კიკაბიძე, ბექა მახარაძე...

- შარშან აკადემია ჩამოაყალიბეთ. ნახევარი წელიწადი გავიდა და რამდენად კმაყოფილი ხართ აკადემიის მუშაობით?

- ზაფხულში დავიწყეთ და დირექტორი გიორგი ყიფიანია, ხოლო აკადემიის მთავარ მწვრთნელად გიორგი მინაშვილი დაინიშნა. კარგად ვითარდება აკადემია, 200-მდე ბავშვი გვყავს 6-დან 12 წლამდე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ ასაკის აღსაზრდელებთან სწორად ვიმუშავოთ.

- გიორგი არაბიძეზე გკითხავთ: რა ფასად გაიყიდა “შახტარში”?

- 650 000 ევროდ და შემდგომი გაყიდვიდან თანხის 20 პროცენტი გვერგება.

- ამ ზამთარს ხომ არ იგეგმება რომელიმე ახალგაზრდის გაყიდვა?

- არა, ამ ეტაპზე არა.

- საინტერესოა, რას ფიქრობთ 16-გუნდიან უმაღლეს ლიგაზე? ბევრის აზრით, გუნდების რაოდენობა უნდა შემცირდეს.

- რთული საკითხია და ყველაფერს ფინანსებისკენ მივყავართ, ფინანსებიდან კი ინფრასტრუქტურისკენ. თუ საკმარისი ბიუჯეტი და კარგი ინფრასტრუქუტურა ექნებათ კლუბებს, მაშინ შეიძლება 16 გუნდი იყოს.

- ქართული ფეხბურთი პრობლემებით სავსეა და სხვადასხვა მიმართულებებით არის გამოსასწორებელი ვითარება. თქვენი აზრით, რით უნდა დაიწყოს ფედერაციამ?

- ვფიქრობ, მოედნების გაკეთებით და ასევე, ასამაღლებელია მწვრთნელთა კვალიფიკაცია, რათა მომავალი თაობა უფრო მცოდნე ადამიანების ხელში იყოს. მოედნებით, ანუ ზოგადად ინფრასტრუქტურის განვითარებით კი იმას მოვიგებთ, რომ ფეხბურთელთა რიცხვი გაიზრდება. საბჭოთა კავშირის პერიოდში 40 000 რეგისტრირებული ფეხბურთელი გვყავდა, დღეს კი 12 000-ია. ანუ, რაც შეიძლება მეტი ბავშვი უნდა მოვიზიდოთ და როგორ მოვიზიდავთ, თუ მოედნები არ გვექნება? დარეგისტრირებული ფეხბურთელების რიცხვი 30 000-ით რომ გაიზარდოს, საამისოდ დაახლოებით 100 მოედანია საჭირო.

0.106237