კალათბურთი

16:54 | 2.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ეს მარცხი კი არა, გამარჯვება იყო

კომპანია “როიალ გრუპმა” ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი აქციების შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ცენტრი “ყველა ვარსკვლავთა” მატჩში მოსახვედრად გამოკითხვაში მონაწილეობდა, აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებმა კი არაერთი შეხვედრა მოაწყვეს, სადაც საზოგადოებას ზაზასთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებდნენ.

“როიალ გრუპის” ოფისში გამართულ შეხვედრას ქართული სპორტის არაერთი ცნობილი სახე დაესწრო. მათ შორის იყვნენ საქართველოს ძალოსნობის ნაკრების წარმომადგენლები: მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, ევროპის ჩემპიონები რაულ ცირეკიძე და ირაკლი თურმანიძე, ოლიმპიური ჩემპიონი და აწ უკვე ნაკრების მწვრთნელი გიორგი ასანიძე.

სიტყვით გამოვიდნენ მოქმედი და ყოფილი კალათბურთელები (მერაბ ბოქოლიშვილი, შიო ხეცურიანი), ცნობილი საკალათბურთო მწვრთნელი ნუგზარ კანდელაკი, სპორტის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი მეძმარიაშვილი, სპორტული ჟურნალისტები ჯამლეტ ხუხაშვილი, თენგიზ პაჭკორია, ზურაბ თალაკვაძე. ცხადია, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს “როიალ გრუპის” დამფუძნებელს და თანამშრომლებს.

ცხადია, პათოსი ერთი და იგივე იყო. ქართველმა ხალხმა საოცარი ერთსულოვნება გამოჩინა და საყვარელ კალათბურთელს გვერდში ბოლომდე დაუდგა. სწორადაც აღინიშნა – ფაჩულიას “ოლ სტარში” გასაყვან ბრძოლაში 14 227 ხმით კი არ დავმარცხდით, არამედ იმ 768 112 ხმით ვიმარჯვეთ, რომელიც ქართველმა ვარსკვლავმა საბოლოოდ მიიღო.

0.146564