ლევან ყენიამ წლეულს პირველი გოლი გაიტანა. პრაღის “სლავიამ” პოზნანის “ლეხს” ამხანაგურში 3:1 სძლია და ყენიამ 70-ე წუთზე დააფიქსირა საბოლოო ანგარიში: პენალტი დაარტყა, პოლონელთა მეკარემ მოიგერია და ქართველმა შემტევმა დამატებაზე შეაგდო.
ლევანი 66-ე წუთზე შევიდა მინდორზე და ბოლოს კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ შორიდან ძელს მოარტყა ბურთი. ყენიას ზამთრის მოსამზადებელი ეტაპის გარკვვეული ნაწილი გაუცდა ტრავმის გამო, თუმცა ფორმას იბრუნებს. შემდეგი მატჩი “სლავიას” კიევის ‘დინამოსთან” ექნება.
გიორგი ლორიას “კრილიამაც” ითამაშა ამხანაგურში და 2:1 მოუგო ნორვეგიის “მიოლდეს”. ლორია სასტარტოში იყო და შესვენებისას შეცვალეს. გიორგის ბურთი არ გაუშვია.
დანიის “ორჰუსმა” ჩეხურ “იაბლონეცთან” 0:2 წააგო. მათე ვაწაძემ დანიურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა.