ბრიტანული გამოცემა „ავტოსპორტი“ იტყობინება, რომ დანიელმა მრბოლმა კევინ მაგნუსენმა, კონტრაქტი გააფორმა „რენოსთან“, რომელიც ამის შესახებ, ოფიციალურად ოთხშაბათს გამოაცხადებს. მაგნუსენი ფრანგულ გუნდში პასტორ მალდონადო შეცვლის, რომელსაც ფინანსური პრობლემების გამო, პირადი სპონსორი, ვენესუელას სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA ვეღარ უდგას გვერდში.
„ავტოსპორტის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 23 წლის მაგნუსენმა კონტრაქტს უკვე მოაწერა ხელი. ახალ სეზონში ის პარტნიორობას ბრიტანელ ჯოლიონ პალმერს გაუწევს, რომელმაც უფრო ადრე, „ჰაასში“ გადასული რომენ გროჟანი შეცვალა. „რენო“ ოთხშაბათს თავისი ახალი ბოლიდის პრეზენტაციას გამართავს. ის პარიზში ჩატარდება და მასზე გუნდი სარბოლო დირექტორად ოფიციალურად წარადგენს ფრედერიკ ვასორს.
მაგნუსენის ფ1-ის დბიუტი „მაკლარენში“ შედგა, თუმცა მას ამ გუნდის დატოვება მოუხდა, რადგან უოკინგელებმა თავიანთ პარტნიორ „ჰონდას“ მოთხოვნით, ორი ჩემპიონი - ჯენსონ ბატონი და ფერნანდო ალონსო მიიწვიეს. მაგნუსენმა „მაკლარენი“ მას შემდეგ დატოვა, რაც ცნობილი გახდა, რომ გუნდმა კონტრაქტი გაუგრძელა ბატონს.
რაც შეეხება მალდონადოს, „რენომ“ მასთან კონტრაქტი გასული სეზონის მიწურულს კი გააგრძელა, თუმცა ეს კონტრაქტი PDVSA-ს ფინანსურ უზრუნველყოფაზე იყო დამოკიდებული. ვენესუელას ნავთობკომპანია კი, ნავთობზე ფასების მკვეთრი დაცემის გამო, ფინანსურ პრობლემებს განიცდის. „რენოს“ წარმომადგენლები სიტუაციის გასარკვევად ვენესუელაში იმყოფებოდნენ, სადაც PDVSA-სგან გარანტიების მიღება ვერ შეძლეს.
ამგვარად, მალდონადო, რომელსაც ფ1-ში ხუთი სეზონი აქვს გატარებული, ჯერჯერობით უგუნდდ დარჩა. ამ ეტაპზე, მისი ერთადერთი იმედი შეიძლება „მენორს“ უკავშირდებოდეს, რომელსაც პილოტები ჯერ არ დაუსახელებია. თუმცა, სპონსორის გარეშე, მალდონადოს არც ის აიყვანს.
გუნდების შემადგენლობები
მერსედესი: ლუის ჰამილტონი, ნიკო როსბერგი
ფერარი: სებასტიან ფეტელი, კიმი რაიკონენი
უილიამს-მერსედესი: ვალტერი ბოტასი, ფელიპე მასა
რედ ბულ-TAG (რენო): დანიელ რიკარდო, დანილ კვიატი
ფორს ინდია-მერსედესი: სერხიო პერესი, ნიკო ჰულკენბერგი
რენო: კევინ მაგნუსენი, ჯოლიონ პალმერი
ტორო როსო-ფერარი: მაქს ფერსტაპენი, კარლოს საინს უმცროსი
ზაუბერ-ფერარი: ფელიპე ნასრი, მარკუს ერიკსონი
მაკლარენ-ჰონდა: ფერნანდო ალონსო, ჯენსონ ბატონი
მენორ-მერსედესი: პილოტები ჯერ არ დაუსახელებია
ჰაას-ფერარი: რომენ გროჟანი, ესტებან გუტიერესი







