„ბენტლი“ საიდუმლოდ მუშაობს პროექტზე, რომლის მიზანსაც, გამძლეობაზე რგოლებში ბრიტანული კომპანიის დაბრუნება წარმოადგენს. „ბენტლიმ“ 2003 წელს ლე მანის 24-საათიანი რბოლა მოიგო და მას შემდეგ, პროტოტიპების კლასში აღარც უასპარეზია. კომპანია და მისი შეფი ვოლფგანგ დიურჰაიმერი ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ.
დიურჰაიმერს ადრე ნათქვამი აქვს, რომ LMP1 კატეგორია მეტისმეტად ძვირი სიამოვნებაა და მიანიშნა, რომ „ბენტლის“ იქ დაბრუნება არ სურს. არსებობს სხვა მიზეზიც, რომლის გამოც, „ბენტლი“ უმაღლეს კატეგორიას მოერიდება - LMP1-ში „ფოლკსვაგენის“ ოჯახის ორი კომპანიის, „აუდის“ და „პორშეს“ საქარხნო გუნდები ისედაც დომინირებენ და იქ „ბენტლის“ ჩართვა, შიდა ძლიერ კონკურენციას გამოიწვევს.
თუმცა, გავრცელებული ინფორმაცია გვაუწყებს, რომ ბრიტანული კომპანიის გეგმები, LMP2 კატეგორიას უკავშირდება. არაოფიციალური ინფორმაციით, „ბენტლი“ თავის წყვილ ტურბოიან ძრავს, ბრიტანულ კომპანია „ჯინეტას“ წარმოების LMP3 კატეგორიის შასიზე (ფოტოზე) დააყენებს და სატესტოდ ტრასაზე ამ კომბინაციით გამოვა. ინფორმაციის წყარო იტყობინება, რომ სატესტო ავტომობილის მზადება ნოემბრიდან მიმდინარეობს „ჯინეტას“ ბაზაზე.
პირველი ტესტების დასრულების შემდეგ, „ბენტლის“ LMP2 კლასის ახალი რეგლამენტის შესაბამისი შასისთვის, რამდენიმე კომპანიის პროდუქტს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. ეს კომპანიებია: „დალარა“, „ორეკა“, „ონროუკი“ (ლიჟიე) და „რილი/მულტიმატიკი“. პირველ სეზონს „ბენტლი“ მხოლოდ ამერიკის IMSA-ს სპორტული ავტომობილების ჩემპიონატში გაატარებს. შესაბამისად, დეიტონას 24-საათიან და სებრინგის 12-საათიან რბოლებში მიიღებს მონაწილეობას.







