თურქულ შეკრებაზე მყოფი "ზუგდიდი" რამდენიმე საკონტროლო მატჩს გამართავს. ზუგდიდელები პირველ შეხვედრას, გერმანული რეგიონალლიგის გუნდის “აუერბახის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.
ეს შეხვედრა 3 თებერვალს ქალაქ სიდეში შედგება. გერმანული კლუბი რეგიონალლიგის სატურნირო ცხრილში 19 მატჩიდან 31 ქულით 8-ე ადგილს იკავებს.
მანამდე, ზუგდიდელები გეგმის მიხედვით აგრძელებენ მზადებას და ისინი, უკვე ორჯერად ვარჯიშებს ატარებენ.
უკრინელმა სპეციალისტმა იური ბაკალოვმა, გუშინ, დილის საათებში უმეტესი დრო ფიზიკურ მომზადებას დაუთმო, ხოლო მეორე ეტაპზე გუნდი ტაქტიკურად ავარჯიშა.
დღეს, გუნდის ტაქტიკური მომზადება დილიდან დაიწყო. საკონტროლო მატჩების პარალელურად, ორჯერადი ვარჯიშები თურქეთში 14 თებერვლამდე გასტანს.
პირველი შეხვედრის შემდეგ, ზუგდიდელებს დანარჩენი მატჩები უმაღლესლიგელებთან ექნებათ, ერთ-ერთი მათგანი კი, უკრაინული ოდესის “ჩერნომორეცია“. გუნდი შეკრებას სწორედ უკრაინულ გუნდთან მატჩით დაასრულებს.
მანამდე, ზუგდიდელები კოსოვოს “ფერონიკელს“ დაუპირისპირდებიან, რომელსაც ქვეყნის ჩემპიონატში პირველი ადგილი უკავია. ქართული გუნდის კიდევ ერთი მეტოქე ყაზახური “კაისარი“ იქნება.