ხოსეპ გვარდიოლასა და “მანჩესტერ სიტის” შორის შეთანხმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. ინგლისური კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ცნობა, რომ სეზონის ბოლოს “ქალაქელთა” მთავარი მწვრთნელის პოსტს მანუელ პელეგრინი დატოვებს და გუნდს ესპანელი სპეციალისტი ჩაიბარებს. მანჩესტერელებმა გვარდიოლასთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა “სიტის” ამჟამინდელმა თავკაცმაც. მანუელ პელეგრინის განცხადებით, ის წინასწარ იყო კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული, რომ ზაფხულიდან თანამდებობას დატოვებდა და “მანჩესტერ სიტი” გვარდიოლასთან მოლაპარაკებას მის ზურგს უკან არ აწამოებდა.
“მანჩესტერ სიტიში” მუშაობას 30 ივნისს ვასრულებ. ამ თემაზე პრესაში ბევრი სპეკულაცია იყო, თუმცა არაფერი მომხდარა ჩემს ზურგს უკან” - აღნიშნა პელეგრინიმ, რომელიც მანჩესტერელებს 2013 წლიდან წვრთნიდა და გუნდთან ერთად ინგლისის ჩემპიონატი და ლიგის თასი მოიგო.
ცნობილია, რომ ამჟამად “ბაიერნში” დასაქმებულ ხოსეპ გვარდიოლას ზაფხულიდან მიუნხენურ კლუბში კარლო ანჩელოტი შეცვლის.