საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მარცხენა ბურჯმა კარლენ ასიეშვილმა, “ბორჯღალოსანთა” შეკრებაზე გამომგზავრებამდე კლუბის მაისურით ტოპ 14-ის მე-14 ტურის შეხვედრაში საფრანგეთის პირველ ელიტარული დივიზიონის მიმდინარე სეზონში თავისი პირველი ლელო გაიტანა.
საფრანგეთში მე-13 ტური მარტში გაიმართება, მანამდე კი, გუნდები მომდევნო ხუთი ტურის თამაშებს გამართავენ. ასიეშვილის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჟღენტის “ბრივმა” ლექსო ყაულაშვილის და გაგი ბაზაძის “ლა როშელს” უმასპინძლა და 28:6 დაამარცხა. მატჩში მონაწილეობა სამმა ქართველმა მიიღო და სამივე შეცვლაზე შევიდა - თამაშში ასიეშვილი 47-ე, ჟღენტი 63-, ხოლო ბაზაძე 69-ე წუთიდან ჩაერთო. გუნდებმა ქულები ჯარიმებით აგროვეს, “ბრივმა” თავიდანვე შეძლო უპირატესობის მოპოვება და ის მატჩის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვა. ბოლო წუთზე მასპინძლებმა 5-მეტრა დერეფანი მოიგეს, მოლის დაყენების იმიტირებისას მას ბურთიანი ასიეშვილი მოწყდა და სამი მცველის მცდელობის მიუხედავად ლელოს მიწვდა, ოღონდ ამის დასადასტურებლად საქმეში ვიდეო-რეფერის ჩართვა გახდა საჭირო.
უქართველებოდ - ტრავმირებული დავით ზირაქაშვილისა და დისკვალიფიცირებული ვიტო კოლელიშვილის გარეშე დარჩენილი “კლერმონი” მძიმე დღეში ჩავარდა. გუნდმა ჩემპიონთა თასსა და ტოპ 14-ში აგერ უკვე ზედიზედ სამი თამაში წააგო და აქედან ბოლო ორი საკუთარ მოედანზე. ტოპ 14-ის მე-14 ტურში “ვულკანებმა” მიხეილ ნარიაშვილისა და დუდუ ქუბრიაშვილის “მონპელიეს” უმასპინძლეს - 15:19. პარიზელთა ქართველი ბურჯები სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და ქუბრიაშვილმა 54, ხოლო ნარიაშვილმა 71 წუთი ითამაშა.
თამაშს 16 500 მაყურებელი დაესწრო და “მონპელიემ” განსაკუთრებით ძლიერად პირველი ტაიმი ჩაატარა, როდესაც შეხვედრის ერთადერთი ლელოც გაიტანა და 16:3 დაწინაურდა. მეორე ტაიმში სტუმრებმა მხოლოდ ერთი არეკნი გაიტანეს, “კლერმონმა” ქულები ჯარიმებით აგროვა, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
ამასობაში ლიდერობა გაიმყარა დავით ხინჩაგიშვილის “რასინგმა”, რომელმაც “ოიონაქსი” 26:3 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ქართველმა ბურჯმა შეცვლაზე 64-ე წუთიდან ითამაშა და 75-ე წუთზე მეოთხე, ნიანგას ლელო შექმნა. მან ჯერ 5-მეტრა დერეფანში მოიგო ბურთი და თანაგუნდელს უპასა, მერე ხაზში ჩადგა და ლელოდან დაახლოებით 7-8 მეტრიდან ჯიქურ შეუტია, ერთი მბოჭავი ხელის კვრით ჩამოიშორა, ორ მცველს შორის მოქცეულმა ლელოდან 3-4 მეტრში ფეხზე დარჩენა მოახერხა და ბურთი ნიანგას გაატანა. ამ ლელოში ხინჩაგიშვილის წვლილი მართლაც უდიდესი იყო.
“რასინგთან” პირველ-მეორე ადგილებს იყოფს ვასილ კაკოვინის “ტულუზი”, რომელმაც გიორგი ნაცარაშვილის “პო” პრემიალური ქულით, 54:3 დაამარცხა. კაკოვინმა შეცვლაზე 49-ე წუთიდან ითამაშა, მისმა გუნდმა კი, თითო ტაიმში 4-4 ლელო გაიტანა. კაკოვინმა მე-7 სალელოვე შეტევაში მიიღო მონაწილეობა და ბურთის ჩათამაშებისას ხაზის გაჭრამდე ბოლოსწინა პასი გააკეთა.
მამუკა გორგოძის, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას “ტულონმა” ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის “სტად ფრანსე” 23:16 დაამარცხა. მატჩში მონაწილეობა მასპინძელთა ორმა ქართველმალეგიონერმა მიიღო და ორივე სასტარტო შემადგენლობაში იყო. ბურჯი ჩილაჩავა შესვენებისას შეცვალეს, გორგოძე მოედნიდან 10-წუთიან შეცვლაზე 34-ე წუთზე გაიყვანეს, შესვენების შემდეგ ის მოედანს დაუბრუნდა და 58-ე წუთამდე ითამაშა. თამაში დაძაბული გამოდგა და 54-ე წუთზე კონტრშეტევაზე გატანილი ლელოს შემდეგ სტუმრები 16:14 დაწინაურდნენ, მაგრამ მერე “ტულონმა” სამი ჯარიმა გაიტანა და საბოლოოდ მეტოქეს პრემიალური ქულაც არ დაუტოვა.
თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენი” “გრენობლთან” 27:33 დამარცხდა და უქულოდ დარჩა. მჭედლიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ 30-ე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა. სტუმრებმა თავიდანვე შეძლეს უპირატესობის მოპოვება და “აჟენმა” მხოლოდ ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ პრემიალური ქულის ზღვარი ვერ გადალახა. ახლა ტოპ 14-ის გუნდები ორი კვირა დაისვენებენ, რადგან ექვსი ერის პირველი-მეორე ტურის თამაშები იმართება.
ტოპ 14. XIV ტური
ბრივი - ლა როშელი 28:6
კლერმონი - მონპელიე 15:19
რასინგი - ოიონაქსი 26:3
კასტრი - ბორდო 19:9
აჟენი - გრენობლი 27:33
ტულუზი - პო 54:3
ტულონი - სტად ფრანსე 23:16
გუნდები თ მ ფ წ +/- ქ ბ
1. | რასინგი | 13 | 10 | 1 | 2 | 270:225 | 43 | 1 |
2. | ტულუზი | 13 | 9 | 0 | 4 | 363:176 | 43 | 7 |
3. | ტულონი | 13 | 8 | 0 | 5 | 404:257 | 40 | 8 |
4. | კლერმონი | 13 | 7 | 1 | 5 | 340:234 | 39 | 9 |
5. | ბრივი | 13 | 8 | 0 | 5 | 252:211 | 36 | 4 |
6. | მონპელიე | 13 | 8 | 0 | 5 | 332:318 | 36 | 4 |
7. | კასტრი | 13 | 7 | 0 | 6 | 294:273 | 33 | 5 |
8. | ბორდო | 13 | 7 | 1 | 5 | 275:253 | 33 | 3 |
9. | გრენობლი | 13 | 6 | 0 | 7 | 323:343 | 28 | 4 |
10. | ლა როშელი | 13 | 5 | 0 | 8 | 264:301 | 26 | 6 |
11. | სტად ფრანსე | 13 | 5 | 0 | 8 | 245:285 | 22 | 2 |
12. | პო | 13 | 4 | 1 | 8 | 207:370 | 20 | 2 |
13. | ოიონაქსი | 13 | 3 | 0 | 10 | 220:411 | 14 | 2 |
14. | აჟენი | 13 | 2 | 0 | 11 | 259:391 | 10 | 2 |
XV ტური. 19-21 თებერვალი
სტად ფრანსე - ბრივი, კასტრი - კლერმონი, ბორდო - აჟენი, მონპელიე - პო, გრენობლი - რასინგი, ლა როშელი - ტულუზი, ოიონაქსი - ტულონი