81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 24 წლის ქართველმა ძიუდოისტმა გიორგი პაპუნაშვილმა საერთაშორისო არენაზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. კარიერის პირველ მნიშვნელოვან წარმატებას მან სოფიის ტატამზე მიაღწია - "ევროპის ღია ტურნირზე” ხუთი შეხვედრა ჩაატარა, ხუთივეში იმარჯვა და უმაღლეს ტიტულთან ერთად 100 სარეიტინგო ქულაც გაინაღდა.
ფინალის გზაზე პაპუნაშვილმა დანიელი სებასტიან ლაურსენი, რუსეთის ნაკრების წევრი ასლან ლაპინაგოვი, რუმინელი კრისტიან ბოდირლაუ და ჰოლანდიელი ნაელ ფან დე კამერი ჩამოიშორა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი გერმანელი დომინიკ რესელი ორჯერ დასცა ვაზარიზე.
დღესვე, ბულგარულ პოდიუმზე 100 კილოგრამში მოჭიდავე ლაშა ტაველურიც ავიდა. ძირითად ბადეში, ანგოლელი კასიმირო ბენტოს, ალჟირელი ლიეს ბუიაკუბისა და იტალიელი ვინჩენცო დარკოს იპონ-იპონ ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონთან – ბრაზილიელ ლუჩიანო კორეასთან შებოჭვაზე მოჰყვა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო. იქ კი მხოლოდ 48 წამი იკმარა ბრიტანელი ფილიპ ავიტიალკარაზის ბეჭებზე დასაგდებად და ბრინჯაოს მედალთან ერთად 40 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა.
დღესვე, პაპუნაშვილისა და ტაველურის გარდა, საქართველოს სახელით ვაჟთა ნაკრების კიდევ 14-მა წევრმა იჭიდავა. მათ შორის გუნდის გამოცდილმა წევრმა ზებედა რეხვიაშვილმა, რომელიც ჯერ ჯერობით ვერ ახერხებს ახალ წონით კატეგორიაში – 81 კილოგრამში გაშინაურებას. ბულგარეთშიც მხოლოდ მერვედფინალამდე მივიდა. ამავე წონაში, საწყის ეტაპებზევე დამარცხდნენ კობა მჭედლიშვილი და ანზორ ბიბილაშვილი. დილის პროგრამაშივე დაასრულეს ტურნირზე გამოსვლა თორნიკე ჯუღელმა, ზვიად გოგოჭურმა, არჩილ გოგოლაშვილმა, პაატა ღვინიაშვილმა (ოთხივე 90 კგ), ლაშა გურულმა, ჯაბა მუმლაძემ, ალექსანდრე ზაალიშვილმა (სამივე 100 კგ), ვახტანგ ოქრუაშვილმა, ონისე ბუღაძემ და გიორგი ზაქარიაძემ (სამივე +100 კგ). გიორგი ლაზუაშვილს (+100 კგ) კი საპრიზო სამეულამდე ერთადერთი მოგება დააკლდა და საბოლოოდ მე-5 ადგილს და 20 ქულას დასჯერდა.
საქართველოს ჩემპიონატის მედალოსნებით დაკომპლექტებული ვაჟთა ნაკრები "ევროპის ღია ტურნირზე” 28-კაციანი შემადგენლობით გამოვიდა და სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა. გუშინ გიორგი კაციაშვილი (73 კგ) ვერცხლს დაეუფლა.
დღეს ბულგარულ კონკურენციაში საქართველოს ქალთა ნაკრების წევრები ნინო ოძელაშვილი (70 კგ) და ელენე ქებაძეც (+78 კგ) ჩაებნენ, მაგრამ ტურნირს ორივე საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა.
ძიუდო
ევროპის ღია ტურნირი
სოფია
30-31 იანვარი
60 კგ
1 ელბრუს ზამანოვი (აზერბაიჯანი)
2 ელიო მანცი (იტალია)
3 არიფ ბაგიროვი (ბელარუსი)
3 სახავატ გაჯიევი (რუსეთი)
66 კგ
1 დმიტრი შერშანი (ბელარუსი)
2 აბდულა აბდულჯალილოვი (რუსეთი)
3 ილკინ ბაბაზადა (Aზერბაიჯანი)
3 დმიტრი მინკოუ (ბელარუსი)
5 გელა კელიხაშვილი (საქართველო)
5 ბექა შავდათუაშვილი (საქართველო)
7 ლაშა გიუნაშვილი (საქართველო)
7 მინდია ლილუაშვილი (საქართველო)
73 კგ
1 საიან ონდარი (რუსეთი)
2 გიორგი კაციაშვილი (საქართველო)
3 ტოჰარ ბუტბული (ისრაელი)
3 დმიტრის ფედოსეენკოვსი (ლატვია)
7 ფრიდონ გიგანი (საქართველო)
81 კგ
1 გიორგი პაპუნაშვილი (საქართველო)
2 დომინიკ რესელი (გერმანია)
3 ბენუა კოლინი (საფრანგეთი)
3 ფრანკ დე ვიტი (ჰოლანდია)
90 კგ
1 დმიტრო ბერეჟნი (უკრაინა)
2 იჰარ ჟუკაუ (ბელარუსი)
3 ტურალ საფგულიევი (აზერბაიჯანი)
3 გაბორ ვერი (უნგრეთი)
7 თორნიკე ჯუღელი (საქართველო)
100 კგ
1 რამადან დარვიში (ეგვიპტე)
2 ლუჩიანო კორეა (ბრაზილია)
3 ლაშა ტაველური (საქართველო)
3 მიხაელ კორელი (ჰოლანდია)
+100 კგ
1 დავიდ მოურა (ბრაზილია)
2 ორ სასონი (ისრაელი)
3 ალესიო მასკეტი (იტალია)
3 ალექსანდრ ვახავიაკი (ბელარუსი)
5 გიორგი ლაზუაშვილი (საქართველო)