საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სოფიაში მიმდინარე "ევროპის ღია ტურნირის” პირველი დღე ერთი ვერცხლის მედლით ჩაამთავრა - 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიორგი კაციაშვილი ვერცხლს დაეუფლა და 60 სარეიტინგო ქულაც მოიპოვა.
ფინალამდე კაციაშვილმა ხუთი მეტოქე ჩამოიშორა: აზერბაიჯანელი ფაგან გულუზადა, უკრაინის სახელით მოჭიდავე ნიკო საჯაია, ბელარუსი ვადიმ შოკა, უნგრელი ფრიგის სზაბო და ჰოლანდიელი სემ ვან ვესტენდი. გადამწყვეთ შეხვედრაში კი რუსეთის ნაკრების წევრ საიან ონდარს ვაზარით უგებდა და უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.
19 წლის გიორგი კაციაშვილმა, რომელიც ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის ევროპის პრიზიორია, უფროსების საერთაშორისო ტურნირზე მედალი პირველად მოიპოვა.
73 კილოგრამში საქართველოს დროშის ქვეშ ბულგარულ ტატამზე ანზორ ხმიადაშვილი, ზვიად კაპანაძე და ფრიდონ გიგანიც გავიდნენ. ხმიადაშვილი და კაპანაძე საწყის ეტაპზე დამარცხდნენ. გიგანმა კი ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალით დაასრულა და რეპეშაჟში გადაერთო, მაგრამ ბრინჯაოს გზაზე უმალ წააგო და საბოლოოდ მე-7 ადგილს და 16 სარეიტინგო ქულას დასჯერდა.
გუშინვე, საპრიზო სამეულები ვაჟთა შორის 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც შეივსო. საქართველოს ნაკრებს ორივე წონაში ოთხ-ოთხი წარმომადგენელი ჰყავდა, მაგრამ პოდიუმს ვერც ერთი მათგანი ვერ შეწვდა.
უმსუბუქეს წონაში ბულგარულ კონკურენციაში ივანე ჯავახიშვილი, ილია შუბითიძე, ნიკა ჭიკაიძე და ირაკლი კაპანაძე ჩაებნენ, მაგრამ მეოთხედფინალამდე დამარცხდნენ და სამივე სინჯის მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი უმალ დაკარგეს.
66 კილოგრამში მოჭიდავე ქართველები: ბექა შავდათუაშვილი, მინდია ლილუაშვილი, გელა კელიხაშვილი და ლაშა გიუნაშვილი მეოთხედფინალამდე მივიდნენ. ნახევარფინალის საგზური კი ვერც ერთმა ვერ მოიპოვა და რეპეშაჟის ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შავდათუაშვილმა ლილუაშვილს მოუგო, კელიხაშვილმა – გიუნაშვილს. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი ორივე დამარცხდა და ტურნირზე გამოსვლა მე-5 ადგილით და 20 ქულით დაასრულეს.
ვაჟების პარალელურად, "ევროპის ღია ტურნირის” ჩემპიონ-პრიზიორები ქალთა ოთხ წონით კატეგორიაც (48, 52, 57 და 63 კგ) გამოვლინდნენ. კიმონოები მარიამ ჯანაშვილმა (52 კგ) და სალომე აბაშიძემაც (57 კგ) მოირგეს, მაგრამ ორივემ საწყის ეტაპზევე წააგო.
დღეს ვაჟებში მედლების დარჩენილი ოთხი კომპლექტი გათამაშდება (81, 90, 100 და +100 კგ) და საქართველოს ნაკრებს ოთხივეში ოთხ-ოთხი ძიუდოისტი წარმოადგენს. ქალებში კი სამი უმძიმესი წონა (70, 78 და +78 კგ) დალაგდება.