ფეხბურთი

4:21 | 31.01.2016 | ნანახია 0 - ჯერ

“ატლეტიკო” ომში დამარცხდა და “ბარსელონას” ჩამორჩა

ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა “ნოუ კამპზე” გაიმართა, სადაც ერთმანეთს გათამაშების ლიდერები ადგილობრივი “ბარსელონა” და “ატლეტიკო” დაუპირიპირდნენ.

ლუის ენრიკემ არანაირი სიურპრიზები არ შემოგვთავაზა და იმ შემადგენლობას დაეყრდნო, რომელზეც მიმდინარე სეზონში უმეტესწილად აკეთებს აქცენტს. შესაბამისად, იუბილარი არდა თურანი, რომელსაც გუშინ 29 წელი შეუსრულდა, თადარიგში დარჩა და მხოლოდ მეორე ტაიმში მიეცა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშის საშუალება.

ნავარაუდები შემადგენლობა გაიყვანა დიეგო სიმეონემაც, რომელმაც მეტად ფრთხილი ტაქტიკა აირჩია და შეიძლება ითქვას, ცენტრფორვარდზე უარი თქვა, რადგანაც ყველამ კარგად ვიცით, რომ ანტუან გრიზმანი ნომინალურად გამოკვეთილი თავდამსხმელი არაა და უფრო სიღრმიდან თამაშობს.

შეხვედრის დასაწყისი მთლიანად “ატლეტიკოსი” გამოდგა, რაც ანგარიშზეც აისახა და შესაძლებელი იყო, რომ სხვაობა კიდევ უფრო დიდი ყოფილიყო. პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა მე-3 წუთზე შექმნეს, საულ ნიგუეზმა შორიდან ძალიან კარგად დაარტყა, მაგრამ “ბარსელონა” გაშვებული გოლისგან კლაუდიო ბრავომ იხსნა, რომელმაც ჩინებულ ნახტომში მოიგერია ბურთი. მალე ჩილელი კიპერიც ვეღარაფერს გახდა და მე-10 წუთზე კოკემ ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა, რომელმაც სწორედ საულის გადაცემა შეირგო. სტუმრები კვლავ განაგრძობდნენ აქტიურობას და მე-20 წუთისთვის აუგუსტო ფერნანდესი დაემუქრა ბრავოს კარს შორიდან, მაგრამ არგენტინელმა ოდნავ ააცილა.

ამასობაში, ნელ-ნელა “ბარსელონა” გონს მოეგო და მეტოქეზე საკუთარი თამაშის შემოხვევა დაიწყო. მათ დაახლოებით 25-ე წუთიდან ტემპს მოუმატეს და უპირატესობა მოიპოვეს, რაც უმალ სტუმართა უხეშობაში აისახა და გაბიმ და დიეგო გოდინმა მალევე ყვითელი ბარათები დაიმსახურეს. 29-ე წუთზე უკვე იან ობლაკს მოუწია თამაშში პირველად ჩართვა, რომელმაც ლუის სუარესს აუღო, ხოლო ერთ წუთში უკვე მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს: ნეიმარის შესანიშნავ თამაშს შეტევის მარცხენა ფლანგზე ალბას ჩართვა მოჰყვა, რომელმაც საჯარიმოში ლიონელ მესი მოძებნა და არგენტინელმაც ობლაკს მისი მოძრაობის საპირისპიროდ აუღებელი დაურტყა.

ანგარიშის გათანაბრების შემდეგ უპირატესობის მოსაპოვებლად ხელახალი ბრძოლა წარიმართა. სტუმრები ცუდად არ გამოიყურებოდნენ, განსაკუთრებით იენიკ ფერეირა კარასკო აქტიურობდა, რომელიც საკუთარი ტექნიკური არსენალის ხარჯზე უამრავ პრობლემას უქმნიდა მასპინძელთა მცველებს. 37-ე წუთზე მის მორიგ აქტიურობას ანტუან გრიზმანი დასარტყმელ პოზიციაზე გასვლა მოჰყვა, მაგრამ ფრანგმა ხელსაყრელი მომენტი გაანიავა და ბრავოს კარს ზემოდან გადააცილა.

გამოუყენებელი მომენტისთვის “ატლეტიკო” ერთ წუთში დაისაჯა, დანი ალვეშმა ლუის სუარესს შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა და ურუგვაელმა ფორვარდმა ახლო მანძილიდან დამაწინაურებელი გოლი გაიტანა.

თითქოს პირველ ნახევარში მეტი საინტერესო აღარაფერი უნდა მომხდარიყო, მაგრამ 44-ე წუთზე ფელიპე ლუისი ლიონელ მესის წინააღმდეგ გაშლილი ფეხით ძალიან უხეშად წავიდა და უნდიანო მალენკომ პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.

ისე კი, პირველ ნახევარში მასპინძელთაგან ყველაზე მეტი ფეხებში ნეიმარს ხვდებოდა, რომლის შეჩერებაც სტუმართა მცველებს სხვანაირად ძალიან უჭირდათ.

მეორე ტაიმი დიეგო სიმეონემ ცვლილებით დაიწყო. მან გუნდის კაპიტანი გაბი მოხსნა და ფელიპე ლუისის ადგილას ხესუს გამესი გაამწესა. რიცხობირივი უპირატესობის მიუხედავად მადრიდელები საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ და მეტოქეს თუ არ აღემატებოდნენ, არც ჩამოუვარდებოდნენ. “როხიბლანკოს” 56-ე წუთზე გოლის გატანის 100%-იანი შანსიც ჰქონდა, მაგრამ ამ ეპიზოდში “ბარსელონას” ძალიან გაუმართლა: კარასკომ კიდევ ერთხელ იაქტიურა, რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ბურთს ანტუან გრიზმანი დაუხვდა, რომელიც ახლო მანძილიდან ურტყამდა და კლაუდიო ბრავოც ბურთისგან საპირისპირო მხარეს წავიდა. თითქოს გოლი გარდაუვალი გახლდათ, მაგრამ საპირისპირო მიმართულებით გადამხტარ ბრავოს ბურთი ფეხზე მოხვდა და “ბლაუგრანა” მეორე გაშვებულ გოლს ბეწვზე გადაურჩა.

მატჩის ბედი საბოლოოდ 65-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც დიეგო გოდინმა ლუის სუარესის წინააღმდეგ იუხეშა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და “ატლეტიკო” 9 კაცით დატოვა. ამის შემდეგ, ყველასთვის ცხადი გახლდათ, რომ გამარჯვება “ბარსელონას” დარჩებოდა, რადგანაც 9 კაცით “ნოუ კამპზე” წონასწორობის აღდგენა ალბათ უტოპია. დარჩენილ დროში დიეგო სიმეონეს შეგირდები უკვე იმაზე ფიქრობდნენ, რომ მეტი აღარ გაეშვათ და რაც შეიძლება ღირსეულად წაეგოთ. მასპინძლებს კი, სხვაობის გაზრდა შეეძლოთ და ამის ყველაზე კარგი შანსი სწორედ შეცვლაზე შემოსულ არდა თურანს ჰქონდა, რომელმაც ოდნავ ააცილა ობლაკის კარს – 2:1.

ამრიგად, “ბარსელონამ” 51 ქულა დააგროვა და “ატლეტიკოს” 3 ქულით გაუსწრო. თანაც, “ბლაუგრანას” 1 მატჩი რეზერვში აქვს.

“ნოუ კამპზე” გამართული ჯახის გარდა, გუშინ ლა ლიგაში კიდევ ოთხი შეხვედრა შედგა. მე-4 ადგილოსანმა “ვილიარეალმა” შინ “გრანადა” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ორივე კლუბს გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდათ, თუმცა ან მეკარეები თამაშობდნენ კარგად, ან შემტევები სცოდავდნენ გადამწყვეტ ფაზაში და თამაშიდან ბურთი არ გასულა. გამარჯვების მომტანი ბრუნო სორიანომ პენალტით გაიტანა, რომელიც რობერტო სოლდადომ მოიპოვა – 1:0.

“ბილბაომ” ინიაკი უილიამსის გოლით გასვლაზე “ხეტაფეს” აჯობა და მე-5 ადგილამდე აღზევდა. “მალაგამ” სტუმრად “ეიბარს” სძლია, ხოლო “სოსიედადმა” საკუთარ კედლებში “ბეტისი” დაამარცხა.

ბარსელონა – ატლეტიკო 2:1 (2:1)

ბარსელონა, “ნოუ კამპი”

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე, მასკერანო, ალბა, ალვეში (რობერტო 82), ბუსკეტსი, რაკიტიჩი (თურანი 67), ინიესტა, ნეიმარი, მესი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

ატლეტიკო (4-2-3-1): ობლაკი, გოდინი, ხიმენესი, ლუისი, ხუანფრანი, ა.ფერნანდესი (ტეიე 76), გაბი (გამესი 46), კოკე, კარასკო, საული, გრიზმანი (სავიჩი 67).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 0:1 კოკე (10), 1:1 მესი (30), 2:1 ლ.სუარესი (38)
გაფრთხილებები: გოდინი, გაბი, ხუანფრანი, ტეიე
გაძევებები: ლუისი (44), გოდინი (65)
მსაჯი: უნდიანო მალენკო

ვილიარეალი – გრანადა 1:0 (0:0)

ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”

ვილიარეალი (4-4-2): არეოლა, მუსაჩიო, რუისი, გასპარი, ხ.კოსტა, ტრიგეირასი, სორიანო, დ.სუარესი (ლეივა 79), ჯ.დოს სანტოსი (კასტილიეხო 87), ბაკამბუ (ბაპტიშტაო 73), სოლდადო.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

გრანადა (4-2-3-1): ა.ფერნანდესი, ბაბინი, ლომბანი, ფოლქიერი, ბირაგი, ფ.რიკო, რ.პერესი (კრინი 77), როჩინა (მ.ლოპეში 83), იბანესი (ბარალი 70), საკსესი, ელ არაბი.
მწვრთნელი: ხოსე რამონ სანდოვალი

გოლი: სორიანო (55 პენ.)
გაფრთხილებები: ხ.კოსტა, გასპარი, კასტილიეხო, ლეივა – ფ.რიკო, ლომბანი, ბაბინი
მსაჯი: დელ სერო გრანდე

ეიბარი – მალაგა 1:2 (0:1)

ეიბარი, “იპარუა”

ეიბარი (4-4-2): რიესგო, პანტიჩი (ეკიზა 39), მ.დოს სანტოსი, კაპა, ხუნსა, დ.გარსია (ადრიანი 82), ესკალანტე, ინუი (პელეტეირო 60), კეკო, ენრიჩი, ბასტონი.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

მალაგა (4-4-2): კამენი, ფილიპენკო, ალბენტოსა, როსალესი, მ.ტორესი, ჩ.კასტრო (ბოკა 85), კამაჩო, რესიო, ხუანპი, ჩოპი (ფორნალსი 73), ჩარლესი (სანტა კრუზი 78).
მწვრთნელი: ხავი გრასია

გოლები: 0:1 ხუანპი (45), 0:2 სანტა კრუზი (91), 1:2 ბასტონი (94)
გაფრთხილებები: დ.გარსია – ჩარლესი, ალბენტოსა, მ.ტორესი
მსაჯი: მატეუ ლაოსი

ხეტაფე – ბილბაო 0:1 (0:1)

ხეტაფე, “კოლიზეუმ ალფონსო პერესი”

ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, კალა, ველაზკესი, ლაგო (იოდა 57), დამიან სუარესი, ხ.როდრიგესი (ვანდერსონი 65), ლასენი, ვ.როდრიგესი, მ.გომესი (ვაზკესი 74), ლეონი, სცეპოვიჩი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, გურპეგი, ეჩიტა, დე მარკოსი, ბალენსიაგა, ბენიატი, სან ხოსე, ერასო (ვიგუერა 82), მერინიო (ლაპორტე 75), უილიამსი (ლეკუე 63), ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლი: უილიამსი (24)
გაფრთხილებები: კალა, ლაგო, ველაზკესი – ეჩიტა, დე მარკოსი, სან ხოსე, ბალენსიაგა, ბენიატი
გაძევება: კალა (92)
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი

სოსიედადი – ბეტისი 2:1 (2:0)

სან-სებასტიანი, “ანოეტა”

სოსიედადი (4-2-3-1): რული, ი.მარტინესი, მ.გონსალესი, ლიტრი, ელუსტონდო (ზალდუა 46), პარდო (ბრუმა 74), ილარამენდი, ოიარზაბალი (ბერგარა 56), პრიეტო, ველა, ჯონათასი.
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

ბეტისი (4-2-3-1): ადანი, პაცელა, ბ.გონსალესი, ვარელა (სებალიოსი 72), მოლინერო (ხოაკინი 46), ნ’დიაიე, პეტროსი, ფ.რუისი (ვან ვოლფსვინკელი 46), პორტილიო, სეხუდო, რ.კასტრო.
მწვრთნელი: ხუან მერინიო

გოლები: 1:0 პრიეტო (18), 2:0 ი.მარტინესი (33), 2:1 რ.კასტრო (51)
გაფრთხილებები: პარდო – მოლინერო, სეხუდო, პორტილიო, ხოაკინი
მსაჯი: პრიეტო იგლესიასი

თეგებილა ლიგა
0.250656