იტალიის სერია A-ს XXII ტური საინტერესოდ დაიწყო - სტეფან ელ შაარავიმ სამშობლოში დაბრუნებულმა პირველივე მატჩში გაიტანა, თანაც შესაშური სილამაზის გოლი. ბერგამოს “ატალანტას” კი ვეტერანი არგენტინელი ხერმან დენისი გოლითა და ცრემლებით დაემშვიდობა.
“მილანმა” ელ შაარავი ზაფხულში “მონაკოში” გაანათხოვრა, თუმცა “ფარაონს” მონტე-კარლოში დამკვდირება გაუჭირდა და საშველად “რომას” მიაშურა. ლუჩანო სპალეტისაც ბევრი არ უფიქრია და ნიჭიერი შემტევი პირველი თამაშში სასტარტოში დააყენა. სწორედ სტეფანის მიერ მეორე ტაიმის დასაწყისში გატანილი გოლი გამოდგა გარდამტეხი, რომლის წყალობითაც “რომამ” 4 მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.
“ფროზინონესთან” ანგარიში დასაწყისშივე რაჯა ნაინგოლანმა გახსნა. გოლი კი კურიოზული გამოდგა – ბელგიელი საჯარიმოში დაეცა, მაგრამ წაქცეულმა ბურთი მეტოქის კარის ბადეში ზუსტად გადაგზავნა. და მაინც, ტაიმი ფრედ დასრულდა – სტუმარმა დანიელ ჩიოფანიმ ტექნიკურად ითამაშა და ლამაზი გოლი შეაგდო. მეორე ტაიმის მესამე წუთზე კი ელ შაარავიმ გაიბრწყინა – “მგლების” კიდევ ერთმა ახალწვეულმა ერვინ ძუკანოვიჩმა საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი, ელ შაარავიმ ბურთს მიწაზე დაშვება არ დააცადა, ქუსლი შეაგება და ბრწყინვალე გოლიც გამოუვიდა – 2:1. მატჩს წერტილი კი 84-ე წუთზე მირალემ პიანიჩმა დაუსვა, მას კი საგოლე პასი ფრანჩესკო ტოტიმ გაუკეთა... სხვათა შორის, ლუჩანო სპალეტიმ “რომას” პირველად მოაგებინა.
ბერგამოს “ატალანტას” 5 სეზონ-ნახევრის შემდეგ კაპიტანი, ხერმან დენისი დაემშვიდობა. 34 წლის არგენტინელი კარიერას მშობლიურ “ინდეპენდიენტეში” გააგრძელებს, იქ, საიდანაც აპენინზე ჩამოვიდა 2007 წელს. დენისმა კი გამოსამშვიდობებლ მატჩში თავის გუნდს ქულა მოუტანა, როცა 32-ე წუთზე თავისავე გაცუდებულ თერთმეტმეტრიანს დაამატა. მანამდე ანგარიში კი “სასუოლოს” ლიდერ დომენიკო ბერარდის გაეხსნა – 1:1. აღსანიშნავია, რომ დენისმა თანაგუნდელებმა ხელში ატაცებული გააცილეს და სამხრეთამერიკელმაც თავი ვეღარ მოთოკა და იტირა... ხერმანმა მხოლოდ “ატალანტას” რიგებში 56 გოლი გაიტანა, იტალიაში კი ლომბარდიული გუნდის გარდა “უდინეზესა” და “ნაპოლიში” უთამაშია.
ტურის სასტარტო მატჩში კი “კარპიმ” და “პალერმომ” ქულები გაიყვეს. ვეტერანი ალბერტო ჯილარდინოს გოლს მასპინძლებმა მანკოსუს პენალტით უპასუხეს.
“კარპი” – “პალერმო” 1:1 (0:1) (მიმოხილვა)
მოდენა, “ბრალია”
მაყურებელი: 9 500
“კარპი” (3-5-2): ბელეკი; ძაკარდო, პოლი (კრიმი 70), რომანიოლი; ლეტიცია კოფიე (ლასანია 46), გალიოლო, ბიანკო, ლოლო; დი გაუდიო, მბაკოგუ (მანკოსუ 60)
მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი
“პალერმო” (4-3-3): სორენტინო; გოლდანიგა, სტრუნა, გონსალესი, ლაზაარი; ჰილიერმაკი, ჩოჩევი, იაიალო; ვასკესი, ჯილარდინო (კრისტანტე 68), ქუაისონი (ტრაიკოვსკი 57)
მწვრთნელი: ჯოვანი ტედესკო
გოლები: 0:1 ჯილარდინო (24), 1:1 მანკოსუ (74, პენ)
გაფრთხილება: კოფიე (31), ლეტიცია (74) – ქუაისონი (28), ვასკესი (32), გონსალესი (74)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 7 (4) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 1:6
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი
“ატალანტა” – “სასუოლო” 1:1 (1:1) (მიმოხილვა)
ბერგამო, “ატლეტი აძური”
მაყურებელი: 15 000
“ატალანტა” (3-5-2): სპორტიელო; ტოლოი (დიამანტი 23), მაზიელო, კერუბინი; კონტი, დე რუნი, ჩიგარინი, კურტიჩი (მილიაჩო 73), დრამე; გომესი, დენისი (ბორიელო 82)
მწვრთნელი: ედუარდო რეია
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსალიკო, ანტეი, აჩერბი, ლონგი; მანიანელი, ბიონდინი, დანკანი; ბერარდი (პოლიტანო 90), ფალჩინელი (სანსონე 72), დეფრელი (ტროტა 72)
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
გოლები: 0:1 ბერარდი (27), 1:1 დენისი (32)
გაფრთხილება: კონტი (25), დიამანტი (69) – კონსილი (31), ბერარდი (33), დეფრელი (66), ლონგი (70)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (5) – 7 (1) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 3:3
მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი
“რომა” – “ფროზინონე” 3:1 (1:1) (მიმოხილვა)
რომი, “ოლიმპიკო”
მაყურებელი: 29 799
“რომა” (4-3-3): შჩესნი; რუდიგერი, დე როსი, მანოლასი, ძუკანოვიჩი (მაიკონი 74); ნაინგოლანი, კეიტა, პიანიჩი; სალაჰი (ვაინკე 83), ჯეკო (ტოტი 60), ელ შაარავი
მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი
“ფორზინონე” (4-3-3): ლეალი; როზი (მ. ჩიოფანი 90), ბლანჩარდი, აჯეტი, პავლოვიჩი; ფრარა (პაგანინი 76), სამარკო, ჩიბსა (გუჩერი 76), დ. ჩიოფანი; სოდიმო, დიონისი
მწვრთნელი: რობერტო სტელონე
გოლები: 1:0 ნაინგოლანი (18), 1:1 ჩიოფანი (24), 2:1 ელ შაარავი (48), 3:1 პიანიჩი (84)
გაფრთხილება: მანოლასი (41) - აჯეტი (15), დიონისი (64)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 8 (4) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 10:8 თამაშგარე: 0:4
მსაჯი: მარკო გუიდა