ავტოსპორტი

1:22 | 31.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ედრიან ნიუის LMP1 პროტოტიპები აინტერესებს

თანამედროვე ფორმულა 1-ის საუკეთესო ინჟინერი ედრიან ნიუი ამბობს, რომ სამომავლოდ არ გამორიცხავს LMP1 კატეგორიის პროტოტიპებით და გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატით დაინტერესებას, თუმცა ამ ეტაპზე, მთლიანად „რედ ბულის“ ფორმულა 1-ის გუნდის საქმეებითაა დაკავებული.

სხვადასხვა დროს, ნიუის მომავალს, სრულიად განსხვავებულ პროექტებს უკავშირებდნენ, თუმცა ის კვლავაც ფ1-ში რჩება. ყველაზე მეტი წარმატება მას „რედ ბულში“ ჰქონდა და ყველაზე მეტ თავისუფლებასაც სწორედ ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი კომპანია აძლევს. თავად ნიუი ყოველთვის ამბობს, რომ ფ1-ში მეტისმეტად იზღუდება ინჟინრული აზროვნება, რაც ამ სპორტის დატოვებისკენ უბიძგებს.

გასულ სეზონში, ის სილვერსტოუნზე, გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპის რბოლისას ნახეს. ნიუი „პორშეს“ ბოქსებს სტუმრობდა. მან განაცხადა, რომ ეს მხოლოდ მეგობრული ვიზიტი იყო. თუმცა, ინტერნეტ გამოცემა „მოტორსპორტ.კომ-მა“ მაინც ჰკითხა, ხომ არ არის დაინტერესებული LMP1 სარბოლო პროტოტიპის პროექტზე მუშაობით, რაზეც მან მიუგო:

„მომავალში შესაძლოა. ეს საინტერესოდ ჩანს. ჩემი აზრით, LMP1 ძალიან საინტერესოა, რადგან ამ კატეგორიაში, ტექნიკური თვალსაზრისით, მეტი თავისუფლებაა, ვიდრე ფ1-ში. ამ მხრივ, ის მიმზიდველია. შესაძლოა, მომავალში დავინტერესდე კიდეც, მაგრამ არა ახლა“, - ამბობს 57 წლის ნიუი.

სხვათა შორის, კარიერის დასაწყისში, ნიუის პროტოტიპებზე ნამუშევარი აქვს. პირველი ავტომობილი, რომელიც მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა - „მარჩ GTP“, ჩრდილოეთ ამერიკაში, IMSA GTP-ს სერიის ჩემპიონი გახდა. შემდგ მან ჯერ ინდიქარში გადაინაცვლა, შემდგ კი ფ1-ში გადავიდა. ნიუის ნამუშევარი აქვს „უილიამსში“, „მაკლარენსა“ და „რედ ბულში“.

კითხვაზე, აქვს თუ არა იმის სურვილი, რომ ფ1-ის კარიერა „რდ ბულში“ დაასრულოს, ნიუი პასუხობს: „ჩვენ არასდროს ვამბობთ არასოდეს. მაგრამ მე „რედ ბულში“ მუშაობა მომწონს. ამ გუნდში, თითქმის მისი შექმნის მომენტიდან ვარ და ვამაყობ იმით, როგორ მიაღწია მან „იაგუარის“ ფერფლიდან იმ წარმატებებს, რომლებსაც მიაღწია“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095211