„ფერარის“ ახალ სეზონზე ამბიციური გეგმები აქვს. სტარტზევე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურს უმიზნებს. ყველამ იცის, რომ სეზონის დაწყებამდე, გუნდები ყოველთვის ოპტიმიზმს ავლენენ - ყველა დიდი მონდომებით მუშაობს და ეს მათ აფიქრებინებს, რომ სხვებზე მეტად წაიწიეს წინ. თუმცა, ტესტებზევე ყველაფერი თავის ადგილზე დგება. მაგრამ გამონაკლისებიც ხდება. და ეს სრულიად ხელეწიფება ისეთ გუნდს, როგორიც „ფერარია“.
იტალიური კომპანიის პრეზიდენტი სერჯო მარკიონე დარწმუნებულია, რომ „მერსედესთან“ ტოლსწორად პაექრობა მელბურნიდანვე შესაძლებელია. და ის ამას მხოლოდ პიარისთვის არ აკეთებს. სერჯომ კარგად იცის, როგორ ემზადებიან ახალი სეზონისთვის მარანელოში, რას აკეთებენ იმისათვის, რომ სამქიმიანებს ცხოვრება გაურთულონ.
ჩემპიონებთან საბრძოლველად მთავარი იარაღი, დამატებითი ცხენის ძალები უნდა გახდეს. ეს კი ნიშნავს, რომ ყველაზე ინტენსიური მუშაობა ძალურ დანადგარზე, უფრო კონკრეტულად კი შიდაწვის ძრავზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, ინჟინრები ინტენსიურად მუშაობენ აეროდინამიკაზე.
ინტერნეტ გამოცემა „მოტორსპორტ.კომ-მა“ მოიპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა სამუშაოები შეასრულეს „ფერარის“ ძრავის ინჟინრებმა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ინჟინრების გუნდმა, ლორენცო სასის ხელმძღვანელობით, ინოვაციის მიმართულება აირჩია. ეს ეხება როგორც აგრეგატის შეთანწყობას, ასევე მის შესაძლებლობებს.
მთავარი სიახლე, წვის კამერაში შეფრქვევის წნევის 300 ბარამდე აწევაა, რაც გასულ სეზონში გამოყენებული აგრეგატის შესაბამის მაჩვენებელზე (220-240 ბარი) გაცილებით მეტია. „ფერარის“ ინჟინრების მიზანი ისაა, რომ წვის კამერაში, საწვავი ნარევის აალების დრო მაქსიმალურად შეამცირონ, როგორც ეს დიზელის ძრავებში ხდება. როცა საწვავის ნაწილი მანამ იწვება, სანამ სანთელი ააალებს, ეს სიმძლავრის ზრდას იწვევს. ადვილად სათქმელია, მაგრამ ერთობ ძნელი გასაკეთებელი...
ამ მიზნის მისაღწევად, ინჟინრებმა საწვავი ნარევის წვის კამერაში მიწოდების პროცესიც დახვეწეს. კერძოდ, მათ ცვალებადი გეომეტრიის შემშვები მილაკები გამოიყენეს. ასეთი მილაკების გამოყენება 2014 წელს აიკრძალა, თუმცა მალევე აკრძალვა მოიხსნა. ამის მიუხედავად, „ფერარის“ ამგვარი გადაწყვეტა გასულ სეზონში არ გამოუყენებია.
„ფერარის“ გასული სეზონის ძრავზე, კომპრესორი და მისი ინტერქულერი, ცილინდრების რიგებს შორის იყო განლაგებული, რაც კომპაქტურ განლაგებას განაპირობებდა. მაგრამ ახალ ძრავზე მათ ადგილი შეუცვალეს, რათა მილაკების ცვალებადი გეომეტრიის სისტემის ჩატევა ყოფილიყო შესაძლებელი. ინტერქულერის სხვაგან გადატანა ისედაც საჭირო იქნებოდა, რადგან ის გაბარიტებში გაიზარდა, რათა უფრო ეფექტურად შეასრულოს თავისი დანიშნულება - წვის კამერაში საწვავის მაღალი წნევით მიწოდების გამო, აგრეგატის სამუშაო ტემპერატურა 1 100 გრადუსამდე გაიზარდა, რამაც უფრო ინტენსიური გაგრილება მოითხოვა.
გარდა ამისა, შეიცვალა შეზეთვის სისტემა, რაც კომპანია „შელთან“ ინტენსიური თანამშრომლობის წყალობით გახდა შესაძლებელი. კომპანია „მანეტი მარელიმ“ ახალი ფრქვევანები დაამზადა, რომლებიც 500 ბარი წნევით მუშაობს. ძრავს ახალი საწვავის ტუმბო აქვს, რომელიც კარბონისგან დამზადდა. აგრეგატის გამძლეობაზე, ამ საქმის სპეციალისტმა ვოლფ ციმერმანმა იზრუნა, რომელიც კარგა ხანს „მერსედესთან“ მუშაობდა და მარანელოელთა ბანაკში კი 2014 წელს გადაბარგდა.
მოკლედ, „ფერარის“ ძრავში ხელუხლებელი თითქმის არაფერი დაუტოვია. რა შედეგს მოუტანს გუნდს და მის პილოტებს ეს ძალისხმევა, ამას პირველი ტესტები გვიჩვენებს.







