საკალათბურთო სუპერლიგის დღევანდელი ტურის მეორე შეხვედრაში, ახალ სპორტის სასახლეში, “მგზავრები-არმიამ” “ქუთაისი-2010”-ს უმასპინძლა. ამ გუნდებს სატურნირო ცხრილში ერთმანეთისაგან ქულა აშორებდათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო, რომ თამაში დაძაბული იქნებოდა. პროგნოზი გამართლდა. პირველმა მეოთხედმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა, რომელიც ფრედ 11:11 დასრულდა. სტუმრები მეორე მეოთხედის მოგების შემდეგ 8 ქულით დაწინაურდნენ. მესამე მეოთხედში მასპინძლემბმა ანგარშში სხვაობა 1 ქულამდე დაიყვანეს - 47:48. მატჩის ბედი მეოთხე დასკვნით მეოთხედში გადაწყდა. დროის ეს მონაკვეთი სტუმრებმა უკეთ ჩაატარეს, რომლებმაც 12 ქულის სხვაობით 77:65 შეძლეს მეტოქის დამარცხება და მეორე ადგილზე მყარად დამკვიდრდნენ. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, ქუთათურები უახლოეს მდევარ “დინამოს” 2 ქულით უსწრებენ, ხოლო ერთპიროვნულ ლიდერ “ბათუმს” 1 ქულით ჩამორჩებიან.
ამ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი “ქუთაისი-2010”-ის მძიმე ფორვარდმა ბექა ბექაურმა აჩვენა, რომელმაც 18 ქულით და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა და თანაგუნდელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. მასპინძელთა შორის ყველაზე მეტი 17 ქულა ამერიკელმა უკანახაზელმა კაჰიმ რაშად რენსომმა დააგროვა. 12 ქულით და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი რენსომის თანაგუნდელმა და თანამემამულემ, ცენტრალურმა თავდამსხმელმა რეჯინალდ მერფიმ შეასრულა.
ამჟამად მიმდინარეობს ტურის ბოლო შეხვედრა, სადაც “რუსთავი” “სოხუმს” ხვდება. რადგან “რუსთავის” საკალათბურთო დარბაზში სარემონტო სამუშაოები ისევ გრძელდება, აღნიშნულ შეხვედრას ახალი სპორტის სასახლე მასპინძლობს.
შეგახსენებთ, რომ ტურის მეოთხე, “აკადემია” – “ოლიმპის”, შეხვედრა 9 თებერვლისთვის არის გადატანილი.
“მგზავრები-არმია” – “ქუთაისი-2010” 65:77
(11:11, 17:25, 19:12, 18:29)