სამკვირიანი შესვენების შემდეგ, განახლდა საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატი. მიმდინარე ჩემპიონატის მესამე წრის პირველი ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი “ბათუმი” და “დინამო” დაუპირისპირდნენ. მასპინძლები ზღვისპირელებს ამ შეხვედრამდე 1 ქულით ჩამორჩებოდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, გულშემატკივრები საინტერესო ორთაბრძოლას ელოდნენ. პროგნოზი მხოლოდ პირველ მეოთხედში გამართლდა, რომელმაც გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა და დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა - 11:10. მეორე მეოთხედიდან უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ. იყო მომენტი, როცა დავით უსტიაშვილის შეგირდების უპირატესობა 20 ქულასაც კი აღემატებოდა. მატჩის საბოლოო ანგარიშია 80:60 ბათუმის სასარგებლოდ. ამ გამარჯვებით ზღვისპირელებმა მინიმუმ მორიგ ტურამდე ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნეს.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 20 ქულა “ბათუმის” უკრაინელმა ლეგიონერმა ლეონიდ სტეფანიშნმა დააგროვა. 17 ქულით და 12 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა მისი თანაგუნდელი, ცენტრალური თავდამსხმელი აკაკი დვალიშვილი. დინამოელთა შორის ყველაზე შედეგიან უკანახაზელ ნოდარ გოგოძის ანგარიშზე 15 ქულაა. 11 ქულით და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლი გოგოძის თანაგუნდელმა, ებრიუ მაკალტიმ შეასრულა.
ტურის მეორე შეხვედრაში “მგზავრები-არმია” “ქუთაისი-2010”-ს მასპინძლობს.
“დინამო” – “ბათუმი” 60:80
(11:10, 18:28, 11:19, 20:23)







