კალათბურთი

2:17 | 30.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიამ და “ლაბორალ კუჩამ” კატალონიაში იმარჯვეს
მარკოიშვილის “დარუშაფაკა” ისევ პირველი მოგების მოლოდინშია

თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ევროლიგის ტოპ-16-ის გათამაშებაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა. ბასკური კლუბი კატალონიაში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ “ბარსელონას” სტუმრობდა და ოვერტაიმში 81:78 იმარჯვა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და გადამწყვეტ მომენტებშიც მოედანზე გახლდათ. ძირითადი დროის ბოლო წამებზე სწორედ თოკომ მოხსნა იოანის ბურუსისის აცილებული ბურთი და ქართველის პასით დარიუს ადამსმა გამათანაბრებელი სამქულიანი ჩააგდო.

საერთო ჯამში, შენგელიამ 29:51 წუთი ითამაშა და 11 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 10-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

სტუმართა რიგებში საუკეთესო ხსენებული ბურუსისი იყო 24 ქულით და 8 მოხსნით, “ბარსელონას” კი 21 ქულით ალექს აბრინესმა ულიდერა.

“ლაბორალ კუჩამ” 3 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და F ჯგუფში მოსკოვის ცსკა-სთან და მადრიდის “რეალთან” ერთად, მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს, ერთპიროვნული ლიდერი კი კიდევ ერთი რუსული კლუბი “ხიმკია” 4 გამარჯვებით.

შენგელიას კლუბს მომდევნო მატჩი 5 თებერვალს, ისევ სტუმრად, სწორედ ხსენებულ “რეალთან” ელის.

E ჯგუფში ზედიზედ მე-5 შეხვედრა დათმო მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკამ”, თუმცა კი, ათენში “პანათინაიკოსს” დიდი ბრძოლა გაუმართა – 79:82.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 28:20 წუთი დაჰყო და 5 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მანუჩარმა 3-დან 1 ორქულიანი გამოიყენა და სამქულიანებშიც იდენტური მაჩვენებელი ჰქონდა. მას ბურთი არ დაუკარგავს, ერთხელ დაუფარეს და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

“დარუშაფაკას” მხრიდან 26 ქულით ამერიკელი ჯეიმონტ გორდონი გამოირჩა, ბერძნული გრანდს კი მიროსლავ რადულიცამ (17), ნიკ კალატესმა (14) და ვლადიმირ იანკოვიცმა (12) ულიდერეს.

4 თებერვალს სტამბოლური კლუბი ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას” დაუხვდება და ტოპ-16-ში პირველი გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

0.139605