ფეხბურთი

18:16 | 29.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის ბავშვობის ისტორია
თემურ ფოცხვერია: “ვაკო საბაბს არ მოგცემდა, რომ შენიშვნა მიგეცა” 

არნემის “ვიტესისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ვაკო ყაზაიშვილი დღეს 23 წლისა გახდა. ფეხბურთელი, რომელიც 16 წლის ასაკიდან ვიცით, როცა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში გამოჩნდა გიორგი ჭანტურიასთან, დავით სხირტლაძესთან, დავით ხოჭოლავასთან, ლაშა პარუნაშვილთან, არჩილ ტვილდიანთან და სხვებთან ერთად. მას შემდეგ ყაზაიშვილს აშკარა პროგრესი აქვს და თამამად შეიძლება ითქვას, ის ყველაზე სტაბილური შემტევი ფეხბურთელია, ვინც კი ქართველებს გვყავს.

ვაკოს ბავშვობაზე გვიყვება მწვრთნელი თემურ ფოცხვერია, რომელიც ყაზაიშვილს რვა წლის განმავლობაში წვრთნიდა. ფოცხვერიას არაერთი კარგი ფეხბურთელი აღუზრდია და მათ შორის, 1993 წელს დაბადებულთა თაობა გამორჩეულია. ფოცხვერია ამჟამად კახეთში, “ჰერეთის” აკადემიაში მუშაობს, იქ უფროსი მწვრთნელი გახლავთ – კურატორობას უწევს ასაკობრივ გუნდებს.

თემურ ფოცხვერია: “მაშინ “ოლიმპის” სკოლაში ვმუშაობდი. ვაკო ყაზაიშვილი პირველად ბახმაროში ვნახე. 9 წლისა იყო და თვალში მომხვდა. ჩემს მეგობარ მწვრთნელ მამუკა კიკვილაშვილს გავყევი ბახმაროს შეკრებაზე, იქ ეზოში ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ. დავდექი და ვუყურებდი. ჩემი საქმეც ეგ იყო, ვიღაც მეპოვნა, შემემჩნია. თამაში დაიწყეს და ერთი ბავშვი განსაკუთრებით მომეწონა. თამაში რომ დაამთავრეს, ბავშვთან მივედი და ვუთხარი, რომ მისი მშობლების ნახვა მინდოდა. ერთ კვირაში მოვლენო. გავიდა ერთი კვირა და მამამისს ველაპარაკე, თქვენი შვილის თბილისში წაყვანა მსურს და იმედია, თქვენც გადმოხვალთ საცხოვრებლად-მეთქი. კაცმა მითხრა, თბილისში სალამის მთქმელიც არავინ მყავს და აბა, იქ რა გავაკეთოო. ვუთხარი, ყველანაირად მხარში ამოვუდგებოდით. დაფიქრდა და მკითხა – “კი მაგრამ, ხომ არ დაიჩაგრება თბილსში, ჯერ ძალიან პატარა ხომ არაა?”. საბოლოოდ, მაინც გადაწყვიტა და ასე ჩამოვიყვანეთ ვაკო თბილისში, “ოლიმპის” სკოლაში.

- თავიდან მართლაც გაუჭირდა? მორიდებული იყო?

- თავიდან კი, რადგან სხვანაირი მზადების პროცესი ნახა. მალე შეეჩვია, ნელ-ნელა უმატებდა და ლიდერიც გახდა. ჩამოყვანიდან რამდენიმე თვეში ბენდელას თასი მოვიგეთ, ფინალში თბილისის “დინამოს” 5:0 მოვუგეთ და ვაკომაც დიდი წვლილი შეიტანა ჩემპიონობაში. თუ სწორად მახსოვს, ტურნირის ყველაზე ტექნიკური მოთამაშის პრიზი მისცეს. თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. შემდეგ “ოლიმპშივე”, თემურ უგულავა დაგვეხმარა და გავხსენით სპეციალური კლასი, შეჯიბრები იყო არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ სასკოლო საგნების სწავლაში.

- ბავშვობაში ვაკოს სხვა პოზიციაზე ათამაშებდით?

- როცა უკვე თერთმეტი თერთმეტზე თამაშზე გადავიდნენ, 4-4-2 სქემაში ცენტრალურ ნახევარმცველად ვაყენებდი, საყრდენის ოდნავ წინ. შექმნასთან ერთად, ვაკოს ჩაშლაც შეუძლია, ბურთის წასართმევად იბრძვის. მე უფრო ცენტრში ვხედავ მის ადგილს, ვიდრე ფლანგზე. მე თუ მკითხავთ, გიორგი ჭანტურიაც უფრო ცენტრში, უკანდაწეულ ფორვარდად სჯობს, რადგან როცა საჯარიმოს ხაზთანაა, მაშინ ფეთქდება.

- ვაკო როგორი ხასიათის ბავშვი იყო?

- მშვიდი და თავმდაბალი. ბავშვური ცელქობაც არ ახასიათებდა. თავმოყვარე იყო და საბაბს არ მოგცემდა, რომ შენიშვნა მიგეცა. რა თქმა უნდა, საფეხბურთო თვასაზრისით შენიშვნებს არ ვგულისხმობ. ვაკოსთან კონფლიქტი გამორიცხული იყო. მომთმენი ხასიათი ჰქონდა, ეტაპ-ეტაპ მიდიოდა წინ. მაგალითად, ჭანტურია ხმაურით იწყებს კარიერას, თავიდან უფრო ჩანს, ვაკო კი ნელ-ნელა უმატებს. სიმართლე გითხრათ, არც მახსოვს, რომ როდესმე ყვითელი ბარათი მიეღოს.

- ტრავმები ხომ არ აწუხებდა?

- არა. თავიდან როცა ჩამოვიყვანეთ, მაშინ ჰქონდა უმნიშვნელო ტრავმები. იყვნენ ბიჭები, რომლებიც ხშირად ტოვებდნენ თამაშს.

- ყაზაიშვილის გარდა, იმ თაობაში სხვა ფეხბურთელებიც გყავდათ, რომლებიც დღეს ცნობილნი არიან.

- დიახ. გიორგი ჭანტურია, გიორგი პაპავა, დავით ხოჭოლავა, არჩილ ტვილდიანი, ლაშა პარუნაშვილი... “ოლიმპიდან” “საბურთალოში” მაშინ გადავედით, როცა ეს ბიჭები 13 წლისანი იყვნენ. მანამდე ერთი წლით ადრე კი დანიაში მოვიგეთ პრესტიჟული ტურნირი. “საბურთალოში” ვაკოს ხელფასიც დაუნიშნეს, კლუბის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი გვერდში ედგა და ოჯახმაც ამოისუნთქა.

0.113478