კალათბურთი

0:53 | 29.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰიკმანი VS პულენი
“ქართველ ამერიკელთა” დუელი ევროლიგაში

ევროლიგის ტოპ-16-ის მე-5 ტურის მატჩში სტამბოლის “ფენერბაჰჩემ” ზაგრების “ცედევიტას” 86:73 სძლია, ქართველი გულშენატკივარისთვის კი თამაში იმით იყო საინტერესო, რომ ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნატურალიზებული კალათბურთელები – რიკი ჰიკმანი და ჯეიკობ პულენი დაუპირისპირდნენ.

უფრო სწორად რომ ვთქვათ, პულენი ჩვენს გუნდში ისევ შესაძლოა ვიხილოთ, ჰიკმანის საკითხი კი, ალბათ, დღის წესრიგში აღარ დადგება. არადა, გასულ შეხვედრაში ორივე მათგანი ძალიან აქტიური იყო და ათქულიან ზღვარს ორივემ გადააბიჯა.

ჰიკმანმა მოედანზე 19:50 წუთი გაატარა და 11 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 6 პასი მიითვალა. რიკიმ 3-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

საბოლოოდ, ჰიკმანის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 18-ს უწია და ამ მხრივ, ის თანაგუნდელთაგან მხოლოდ ლუიჯი დატომეს (19 ქულა) და ეკპე უდოს (17 ქულა) ჩამორჩა.

რაც შეეხება პულენს, მან 22:17 წუთში 12 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ჯეიკობმა 4-დან 3 ორქულიანი და 8-დან 2 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3-ჯერ დაჯარიმდა, მასზე კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.

“ფენერბაჰჩე” 5 მოგებით E ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია, “ცედევიტა” კი 2 გამარჯვებით და 3 წაგებით მე-6 ადგილზე იმყოფება. დღეს, ამავე ჯგუფში მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკა”, რომელსაც ყველა მატჩი წაგებული აქვს, ათენში “პანათინაიკოსს” გაეჯიბრება.

დღესვე, ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი შედგება F ჯგუფში, სადაც კატალონიური “ბარსელონა” თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩას” უმასპინძლებს. ამ დროისთვის, ორივე გუნდის აქტივში ორ-ორი მოგებაა.

0.114025