საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი პარლამენტის წევრისა და ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ბრალდებებს პასუხობს.
როგორც ცნობილია, ზვიადაურმა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ქევხიშვილი ნაკრების წამყვან ძიუდოისტებთან ცუდ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა და კომიტეტს საქმის შესწავლისკენ მოუწოდა.
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დეპუტატის ბრალდებებს უარყოფს და სპორტსმენებისთვის არსებულ პირობებზე განმარტებას აკეთებს.
”თუ ვინმე თავად არის დაბრუნებული 90-იან წლებში, ეს, მისი პრობლემაა. საქართველოს ძიუდოს ფედერაციას და ზოგადად ნაკრებს არა თუ უკანასკნელ პერიოდში, არამედ არასდროს ქონია ის პირობები, რაც აქვს. მას ამგვარი რამ სჩვევია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რადგან იმ ჯგუფის ნაწილია, ვინც თვლის, რომ ძიუდო მის გარშემო უნდა ბრუნავდეს”, - აცხადებს დავით ქევხიშვილი.
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დღესვე ოლიმპიურ ჩემპიონს ბრალდებებით უპასუხა.
“პირიქით, იქით არის მისათითებელი, რომ სამი წლის განმავლობაში არა თუ დახმარება, არამედ ხელის შეშლის მეტი მისგან, მითუმეტეს იმ ფორმატში, რაშიც მათ შეეძლოთ ძიუდოსთვის ძალიან ბევრი გაეკეთებინათ, არაფერი გაუკეთებიათ” - აღნიშნა დავით ქევხიშვილმა.
www.rustavi2.com