საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა თბილისის “დინამომ” ახალი მთავარი მწვრთნელი, სლოვაკი იურაი იარაბეკი ოფიციალურად წარადგინა. 53 წლის სპეციალისტმა “დინამოს” თავკაცის რანგში პირველი საუბრისას განაცხადა, რომ მისი მიზანი თბილისური გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანაა.
“არ შემეძლო უარი მეთქვა ამ გამოწვევაზე, ჩემს ორ ასისტენტთან ერთად. “დინამოს” აქვს ისეთი პირობები და ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომ წარმატებას მიაღწიოს. პრეზიდენტს უკვე ვესაუბრე და ჩვენი მიზანი წელს მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონობაა. დიდი სურვილი მაქვს, “დინამო” ჩემპიონთა ლიგაზე გავიყვანო და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ.
“სპარტაკი” უკვე ჩემთვის ისტორიის კუთვნილებაა, ახლა “დინამოსთვის” ვმუშაობ. რა თქმა უნდა, კვალიფიციური ფეხბურთელების დამატებას ვგეგმავთ, მაგრამ ახლა მეტს ვერაფერს გეტყვით.
როდესაც “ზესტაფონს” ვეთამაშეთ, იქიდან რამდენიმე ფეხბურთელი დღეს “დინამოშია”, თუმცა მთლიანად გუნდს მალე გავიცნობ.
მინდა ჩემს წინამორბედს, რომელმაც გუნდში დიდი სამუშაო გასწია, ახალ სამსახურში წარმატებები ვუსურვო”, - ბრძანა იარაბეკმა.
თუ რატომ შეაჩერა არჩევანი სლოვაკ სპეციალისტზე, ამის შესახებ “დინამოს” პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ისაუბრა:
“ეს იყო სპონტანური გადაწყვეტილება, რადგან დროის ამ მონაკვეთში მწვრთნელებიც ისე ძნელი მოსაძებნი არიან, როგორც ფეხბურთელები. თუმცა არ შემეძლო გეგუჩაძის ნაკრებში წასვლაზე ხელის შეშლა და ამის მიზეზებზე უკვე ვისაუბრე. რაც შეეხება იარაბეკს, კონტრაქტი ერთწლიანია და ყველაფერს მის მიერ ნაჩვენები შედეგები გადაწყვეტს, ჩვენთვის მთავარი სწორედ შედეგია”, - თქვა ფიფიამ.
იურაი იარაბეკი აქამდე მხოლოდ სამშობლოში მოღვაწეობდა. სამწვრთნელო ასპარეზზე იგი 2008 წელს გამოჩნდა, როცა იასლოვსკიეს “ბოჰუნიცე” ჩაიბარა, ხოლო მერე “ზლატე მორავცეში” 4 წელი იმუშავა. 2013 წლიდან მოყოლებული კი ტრნავას “სპარტკას” ედგა სათავეში. სხვათა შორის, მისმა დამოძღვრილმა “სპარტაკმა” 2014 წლის ზაფხულში ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გია გეგუჩაძის გაწვრთნილ “ზესტაფონს” ორი მატჩის ჯამში ადვილად, 3:0 აჯობა.