საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე ყოფილ კლუბ თბილისის “დინამო” დაემშვიდობა. ქართველი სპეციალისტი “დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში გუნდის პრეზიდენტ რომან ფიფიასთან ერთად წარსდგა. გეგუჩაძის თქმით, მისთვის ადვილი არ იყო ამ გადაწყვეტილების მიღება და “დინამოდან” წასვლა...
“ჩემთვის “დინამოსთან” განშორება ადვილი არ ყოფილა. იმ დროის განმავლობაში, რაც აქ გავატარე, მე და ჩემი სამწვრთნელო შტაბი თავს საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობდით. მინდა მადლობა გადავუხადო, გუნდს, ფეხბურთელებს, თითოეულ თანამშრომელსა და გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის მხარში გვედგნენ.
რაც შეეხება ჩემს შემცვლელს, იურაი იარაბეკს პირადად არ ვიცნობ და ამიტომ, მასზე ბევრს ვერაფერს გეტყვით. როდესაც “ზესტაფონი” ტრნავას “სპარტაკს” შეხვდა, მაშინ ამ გუნდის თამაშები ვნახე და ეტყობოდა მწვრთნელის ხელი. მისი გუნდი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა და ჩემი აზრით, იარაბეკი მოაზროვნე სპეციალისტია. მას წარმატებებს ვუსურვებ”, - თქვა გეგუჩაძემ.
მედიასთან კომენტარი რომან ფიფიამაც გააკეთა:
“დავემშვიდობეთ გეგუჩაძეს. “დინამო” მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის. მინდა ვთქვა, რომ შემოთავაზება ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მივიღეთ და ეს არ იყო ჩემთვის ადვილი გადასაწყვეტი, რადგან გიასთან ერთად გრძელვადიანი გეგმები გვქონდა დასახული. თუმცა, ნაკრები ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია და თანაც, მე ვფიქრობ, 21-წლამდე ნაკრები ეროვნულზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ იქ მოთამაშე ფეხბურთელებით იღებს შევსებას. აქვე დავამატებდი, რომ სფფ-მ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა არჩევანი გეგუჩაძეზე შეაჩერა, მეც მათ ადგილზე ასე მოვიქცეოდი”, - განაცხადა ფიფიამ.
გია გეგუჩაძემ “დინამო” გასული წლის მაისში ჩაიბარა და 8 თვის განმავლობაში დედაქალაქურ გუნდს საქართველოს თასი და სუპერთასი მოაგებინა, ხოლო მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში “დინამომ” პირველი წრე ლიდერის რანგში დაასრულა.
და მაინც, “დინამოში” გია გეგუჩაძის მთავარ მიღწევად 2004-2005 წლების სეზონში გუნდის უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გაყვანა მიიჩნევა, რომელიც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევაა.