ფეხბურთი

12:42 | 26.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

გეგუჩაძე ახალგაზრდულში, ეროვნულში – არველაძე ან ფინკე

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს თბილისის “დინამოს” ყოფილი მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე გაწვრთნის. დღეს, ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დაწყებამდე მედიასთან საუბრისას საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ “დინამოდან” გეგუჩაძის წასვლა დაადასტურა. მისი თქმით, “დინამოს” გეგუჩაძესთან გრძელადიანი გეგმები ჰქონდა, მაგრამ იგი ახალგაზრდულ ნაკრებს დასჭირდა და კლუბი მას ხელს არ შეუშლის.

“ჩვენ გია გეგუჩაძესთან ჩამოყალიბებული 3-4 წლიანი გეგმა გვქონდა, მაგრამ ახლა ის 21-წლამდე ნაკრებს უფრო სჭირდება და მას ხელს ვერ შევუშლიდით”, - თქვა ფიფიამ.

გეგუჩაძემ “დინამოს” სათავეში 2015 წლის მაისში ჩაუდგა და მას შემდგომ გუნდს საქართველოს თასი და სუპერთასი მოაგებინა. გუშინ კი, სლოვაკური მედიისგან გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც “დინამო” იურაი იარაბეკმა ჩაიბარა. ამ ცნობის მერე, გეგუჩაძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოიაზრებდნენ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, იგი 21-წლამდელებს ჩაიბარებს. რაც შეეხება ეროვნული ნაკრების მესაჭის საკითხს, ამ წუთებში აღმასკომის სხდომა მიმდინარეობს და სწორედ იქ გაირკვევა ყველაფერი. ისე კი, გავრცელებული ინფორმაციით, კახა ცხადაძის დათხოვნის შემთხვევაში “ჯვაროსნების” თავაკაცის პოსტზე შოთა არველაძისა და გერმანელი ფოლკერ ფინკეს კანდიდატურები განიხილება.

არველაძე “ტრაბზონფორიდან” წამოსვლის შემდგომ უმუშევარია, რაც შეეხება ფინკეს, სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მისი შეგირდი გერმანულ “ფრაიბურგში” წლების განმავლობაში იყო და ფინკესა და ქართველ ფეხბურთელებს შორის კარგ ურთიერთობაზე ადრე არაერთხელ დაწერილა.

0.118157