საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და თუკი მას გაათავისუფლებენ, ფეხბურთის ფედერაციასთან იურიდიული დავის დაწყებას არ გამორიცხავს.
ამის შესახებ განცხადება ცხადაძემ დღეს “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის ურთიერთობა ბოლო დღეებში დაიძაბა. როგორც ცნობილია, ცხადაძეს ფეხბურთის ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ ახალი სახელფასო მოდელი შესთავაზა, რაც ფიქსირებული ხელფასის შემცირებას და საბონუსე სისტემის დაწესებას ითვალისწინებდა, თუმცა მწვრთნელი ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
23 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ ცხადაძის ბოლოდროინდელი განცხადებების შემდეგ მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას შეუძლებლად მიიჩნევს და სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის უახლოეს სხდომაზე მწვრთნელის გათავისუფლების საკითხი დადგება.
კახა ცხადაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2015 წლის იანვრიდან დაინიშნა და მას ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2017 წლის ბოლომდე აკავშირებს.