ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-17 ტურში ქართველი ქომაგისთვის საინტერესო მატჩი შედგა: თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” გიორგი შერმადინის “მორაბანკ ანდორას” უმასპინძლა და 95:83 სძლია.
ორივე ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო. შენგელიამ მოედანზე 21:17 წუთი დაჰყო და 11 ქულა, 4 მოხსნა და პასი მოაგროვა. თორნიკემ 5-დან 4 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
უფრო შედეგიანად გაისარჯა შერმადინი, რომელიც მიმდინარე სეზონში ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება. გიორგიმ 24:18 წუთში 9-დან 6 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო და 17 ქულას 5 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი და 3 ჩაჭრა წაამატა. ქართველმა ცენტრმა ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა.
ანდორელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი მაკედონიელი ფორვარდი ვოიდან სტოიანოვსკი იყო 22 ქულით, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კი მასპინძელთა ბერძენი ცენტრი იოანის ბურუსისი გახდა. მის აქტივში 26 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი იყო.
“ლაბორალ კუჩამ” 14 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა და მე-3 ადგილი შეიანრჩუნა, “მორაბანკ ანდორა” კი 8 მოგებით და 9 წაგებით მე-9 პოზიციამდე დაქვეითდა.