ქართველმა სუმოისტებმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” გამართული წლის პირველი სუპერტურნირი უარყოფითი ბალანსით (მაკე-კოში) დაასრულეს და წოდებაში დაქვეითებას ვერ გადაურჩებიან.
შესაბამისად, კომუსუბის ტიტულს დაემშვიდობება ტოჩინოშინი, რომელსაც ჰაცუ ბაშოზე 6 მოგება და 9 მარცხი მოუგროვდა. ქართველმა სეკიტორმა ბოლოსწინა დღეს აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა ამინიშიკისთან წააგო, დღეს კი სეკივაკე იოშიკაძესთან დამარცხდა.
ტურნირი 7 მოგებით და 8 წაგებით დაასრულა გაგამარუმ, რომელმაც დასკვნითი ბრძოლები ასევე დათმო. ჯუღელი, რომელიც ტოკიოში დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით ირჯებოდა, ჯერ დასავლეთის მე-11 მაეგაშირა ამურუსთან დამარცხდა, შემდეგ კი – დასავლეთის მე-12 მაეგაშირა შოდაისთან.
ჰაცუ ბაშოს გამარჯვებული 31 წლის ოძეკი კოტოშოგიკუ გახდა, რომელმაც 15-დან ერთადერთი შერკინება დათმო. საინტერესოა, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში იაპონელმა სუმოისტმა “იმპერატორის თასი” პირველად მოიგო.
კოტოშოგიკუს პირველობისკენ გზა ბოლო დღეს ჰაკუჰოს მარცხმა გაუხსნა. მონღოლმა იოკოძუნამ თანამემამულე ჰარუმაფუჯისთან უვატანეგათი წააგო და შედეგად, ორივე ამ სეკიტორს ორ-ორი მარცხი მოუგროვდა.
პროფესიული სუმოს განახლებული ბანძუკე (რეიტინგი) 29 თებერვალს გამოქვეყნდება, მომდევნო ბაშო კი 13-27 მარტს ოსაკაში შედგება.