კალათბურთი

22:15 | 23.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბერამ All Star-ს სხვა ხიბლი მისცა

23 იანვარს ახალმა სპორტის სასახლემ ქართულ ყველა ვარსკვლავის მატჩს უმასპინძლა, რომელიც სუპერლიგის კალათბურთელებით იყო დაკომპლექტებული. სპორტსმენები გამოკითხვის შედეგად შეირჩნენ და ორ გუნდში გადანაწილდნენ. ეს გუნდები თბილისის და რეგიონის სახელით გამოვიდნენ. აქედან გამომდინარე, პირველ გუნდში თბილისის , ხოლო მეორეში რეგიონის გუნდების კალათბურთელები თამაშობდნენ. ორივე გუნდის სასტარტო ხუთეული გამოკითხვის შედეგად შეირჩა, ხოლო სათადარიგოები მწვრთნელებმა დაასახელეს.

თამაში ისე დაიწყო, როგორც All Star-ს ახასიათებს. კალთბურთელები მოედანზე თავისუფლად მოქმედებდნენ და ცდილობდნენ ბურთი კალათში ეფექტური კომბინაციების შემდეგ მოეთავსებინათ. ამით შეიძლება აიხსნას, რომ ქულათა საერთო ჯამმა 250-ს გადააჭარბა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდა რეგიონელთა გუნდი, რომელმაც დამაჯერებელი ანგარიშით მოიგო - 148:122 (30:43, 36:47, 32:20, 24:38).

All Star-ის მსვლელობისას გამოყენებული იყო შოუს ელემენტები. კონკრეტულად, ბერა ივანიშვილმა გულშემატკივრებისათვის თავის ჯგუფთან ერთად რამდენიმე სიმღერა შეასრულა, თუმცა დარბაზის ცუდი აკუსტიკის გამო მის მიერ შესრულებულმა სიმღერებმა ნაწილობრივ მიაღწია მსმენელამდე. ასევე გაურკვევლად ისმოდა წამყვანის ხმაც.

შეხვედრის დროს გამოცხადებული შესვენებებისას ჩატარდა სამქულიანებისა და ჩატენვების კონკურსი . სამქულიანების სროლაში ექვსი სპორტსმენი მაურის ბრიგსი ( ,,აკადემია“), კახა ჯინჭარაძე (,,მგზავრები არმია“), ფილიპ მილერი (,,სოხუმი“), გიგი ბარბაქაძე (,,ქუთაისი 2010“), ნიკოლა გაჩეშა (,,რუსთავი“) და ამ კონკურსის შარშანდელი გამარჯვებული აკაკი ლომოური (,,აკადემია“) მონაწილეობდნენ. ფინალში ასპარეზობის უფლება ლომოურმა და ბარბაქაძემ მოიპოვეს, რომლებმაც ყველაზე მეტი, შესაბამისად 20 და 16 ქულა დააგროვეს. უაღრესად დაძაბული გამოდგა ფინალური შეხვედრა. პირველმა ცდამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, რადგან თითოეულმა 16-16 ქულა დააგროვა. გამარჯვებულის ვინაობა მეორე ცდის შემდეგ გაირკვა. ამჯერად ლომოურმა 19, ხოლო ბარბაქაძემ 15 ქულა დააგროვა. ამრიგად, ლომოურმა ზედიზედ მეორედ შეძლო All Star-ში სამქულიანების კონკურსის მოგება.

რაც შეეხება ჩატენვების კონკურსს, მასში სამი სპორტსმენი - გიგი ბარბაქაძე, მეთიუ გლოვერი (,,სოხუმი“) და დევიდ კაილსი ("რუსთავი“) მონაწილეობდნენ. შეფასებას სპეციალური კომისია აძლევდა, რომლის შემადგენლობაშიც ვეტერანი კალათბურთელები ნოდარ ქორქია, კახა შენგელია, ვლადიმერ ბოისა, გია სანაძე და პაატა გურასპაული შევიდნენ. ბარბაქაძის გამოსვლაში ბერაც მონაწილეობდა. იგი სკამზე იჯდა და ფარისაკენ მიმავალ ბარბაქაძეს ბურთს აწვდიდა. რამდენიმე ცდა უშედეგო გამოდგა. ბოლო ცდაზე ბარბაქაძემ შთამბეჭდავი ჩატენვა განახორციელა, რომელსაც კომისიამ ყველაზე მაღალი შეფასება მისცა. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩატენვების კონკურსი გიგი ბარბაქაძის გამარჯვებით დასრულდა, რომელიც პარალელურად მატჩის MVP ანუ საუკეთესო მოთამაშე გახდა.

თინეიჯერების დიდი ინტერესი გამოიწვია ბერას გამოსვლამ , რომელსაც გულშემატკივრები, არც მატჩის დასრულების შემდეგ მოშორდნენ და მასთან სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ.

მატჩის დასრულების შემდეგ worldsport.ge საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მიხეილ გაბრიჩიძეს ესაუბრა.

-პირველ რიგში ფიბას მიერ ჩატარებული კენჭისყრის შესახებ გკითხავთ, რომელმაც ევრო -2017 -ს შესარჩევ ტურნირში საქართველოს მეტოქეები გამოავლინა. კმაყოფილი ხართ მისი შედეგებით?

-ჩვენი ნაკრების სავარაუდო მეტოქეებიდან ყველაზე ძლიერი ჩერნოგორია იყო. შეიძლება ითქვას, რომ არ გაგვიმართლა, რადგან იგი ჩვენ ჯგუფში მოხვდა . ხელწამოსაკრავი გუნდი არც სლოვაკეთია . რაც შეეხება ალბანეთს, ამ ქვეყნის კალათბურთს თითქმის არ ვიცნობთ. ამის მიუხედავად, პირველი ადგილისათვის უნდა ვიბრძოლოთ და ამის შანსი ნამდვილად გვაქვს.

- დღე ვანდელი მატჩის მსვლელობის დროს როგორც წამყვანის, ისე ბერას ხმა გულშემატკივრამდე სრუალად ვერ აღწევდა. რა იყო ამის მიზეზი?

- გეთანხმებით, ბერა თავისი ჯგუფის უახლესი ტექნიკით იყო მოსული, მაგრამ მსმენელამდე ხმა მაინც ვერ მივიდა სრულყოფილად. ეს აკუსტიკის ბრალია. ჩვენ დარბაზს ვქირაობთ და თქვენს მიერ დასახელებული პრობლემა მისმა ხელმძღვანელობამ უნდა მოაგვაროს.

- დღევანდელი All Star-ით კმაყოფილი დარჩით?

-თუ არ ჩავთვლით დარბაზის აკუსტიკას, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.212542