2015-16 წლების საკალათბურთო “All Star”-ს ცნობილი ქართველი რეპერი, ბერა ივანიშვილიც ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნული ღონისძიება თავის ჯგუფთან ერთად სიმღერით დაამშვენა. ღონისძიების დასრულების შემდეგ, “მსოფლიო სპორტი” ბერას ესაუბრა.
- ამბობენ, რომ კალათბურთი თქვენი ერთ-ერთი საყვარელი სპორტის სახეობაა...
- გეთანხმებით, რომ სპორტი ძალიან მიყვარს. როცა შემომთავაზეს “All Star”-ზე დასწრება, ეს წინადადება სიამოვნებით მივიღე. სამწუხაროდ, ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე დასწრებას ვერ ვახერხებ, მაგრამ ტელევიზიით ხშირად ვუყურებ და ჩვენს ნაკრებს ვგულშემატკივრობ. ძალიან ვისიამოვნე და კიდევ ერთხელ მადლობა “All Star”-ის ორგანიზატორებს, რომლებმაც მომიწვიეს.
-ცნობილი ფაქტია, რომ თქვენი ოჯახი დიდ დახმარებას უწევს ქართულ სპორტს, მათ შორის რაგბს გამოვყოფდით. ხომ არ აპირებთ მომავალში კალათბურთსაც დაეხმაროთ?
-ვნახოთ, ეს კარგად იცით რომ ჩემი გადასაწყვეტი არაა და ოჯახთან ერთად განვიხილავ.
-თქვენს მშობლიურ რაიონს საჩხერეს საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ჩემპიონატში საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავს “ჩიხურას” სახით. ხომ არ აპირებთ, რომ საჩხერეს უმაღლეს ლიგაში კალათბურთის გუნდიც ჰყავდეს?
-როგორც უკვე გითხარით, ეს კონკრეტულად ჩემი გადასაწყვეტი არაა. კიდევ ერთხელ განვმეორდები, განვიხილავ ოჯათან ერთად და მივესალმები იმ ფაქტს, თუ საჩხერეს კალათბურთშიც ეყოლება ანგარიშგასაწევი გუნდი, რომელიც სუპერლიგაში ითამაშებს.