ფეხბურთი

17:42 | 23.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: "ცხადაძის წამოწყება არჩევნებში წაგებული პიროვნებების მხრიდან მოდის - წაგება ვერ მოუნელებიათ!"
"სანამ სფფ-ის პრეზიდენტი კობიაშვილია, მის კომპეტენციაში ვერავინ ჩაერევა"

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება. ეს უკვე ცხადია. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში აღმასკომი შეიკრიბება და ცხადაძის გათავისუფლების საკითხს დააყენებს. კობიაშვილმა იქვე დაამატა - პირადად ჩემთვის გადაწყვეტილია, რომ ცხადაძე ნაკრებს ვეღარ გაწვრთნისო.

კობიაშვილთა ერთად, პრესკონფერენციაზე სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძეც იყვნენ. ჭუმბურიძემ ჯერ კიდევ გუშინ, GDS-სა და "მაესტროზე" გაასაჯაროვა კონტრაქტის დეტალები და გამოაცხადა ცხადაძის ხელფასიც: 100 000 ლარი თვეში ხელზე.

ლევან კობიაშვილი: - ჩემთვის მიუღებელი და გაუგებარი იყო, რასაც კახა ცხადაძე ლაპარაკობდა. მოლაპარაკებები ჩემსა და მას შორის თვენახევრის წინ დაიწყო და შევთავაზე არა ფიქსირებული ხელფასი, არამედ ნახევარი და პლუს, ბონუს-სისტემა. ჩვენს შორის შედგა სამი შეხვედრა და სამივეჯერ განვუცხადე, რომ აბსოლუტურად ვუჭერდი მხარს მის ნაკრებში ყოფნას, ოღონდ ახალი კონტრაქტით. სამწუხაროდ, კახასგან ყველა შეხვედრის შემდეგ კატეგორიულ უარს ვისმენდი. დღეს რა დაპირისპირებაცაა, მთლიანად კახას დამსახურებაა. ბოლო შეხვედრა მისი პრესკონფერენციის წინა საღამოს შედგა, სადაც კიდევ ერთხელ ავუხსენი, თუ რას ვთავაზობდი. ცხადაძემ იცოდა, რომ ორი დღე თბილისში არ ვიქნებოდი და იმ საღამოს შემდეგ არც ჩემს ზარებს პასუხობდა და არც - მოკლეტექსტურ შეტყობინებებს. აქედანაც ჩანს მისი პატივისცემა ჩემს მიმართ, რასაც ნამდვილად არ ვიმსახურებ.

...გარდა იმისა,რომ ხალხს აინტერესებს, ვალდებულიც ვარ, ყველა ფინანსურ დეტალზე ვისაუბრო: ფედერაცია ცხადაძის კონტრაქტში იხდის 1,5 მილიონ ლარს, რაც მომდევნო ორ წელიწადში 3 მილიონს მიაღწევდა. ეს მარტო ცხადაძეს. რაც შეეხება მის შტაბს, ისინი იღებდნენ წლიურად 800 000 ლარს. კახას შევთავაზე მისი ხელფასის 50 პროცენტის გადახდა (ანუ 50 000 ლარის), ხოლო დანარჩენი ბონუსის სახით. ხაზგასმით ვამბობ, თუ ნაკრები მესამე ადგილზე გავიდოდა, კახა ჩვეულებრივ თავის ხელფასს მიღებდა, ანუ 100 000 ლარი გამოუვიდოდა თვეში. ხოლო თუ მეორეზე გავიდოდა, დამატებით კიდევ ხელფასის 50 პროცენტს მიიღებდა.

...პირდაპირ ვიტყვი, კახამ პირდაპირ ეთერში მოიტყუა, თითქოს მუნდიალზე გასვლის შემთხვევაში მას ბონუსად 30 პროცენტი ეკუთვნოდა, რომელსაც ფეხბურთელებს გაუნაწილებდა. მგონი ყველამ ვიცით, მეორე ადგილზე გასვლა ავტომატურად ფინალურ ეტაპის საგზურს არ იძლევა, იქ კიდევ ფლეი-ოფია გადასალახი. ამ დროს, ჩემი წინადადება იყო ასეთი: მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში დამატებით 50 პროცენტი ეძლეოდა, მიუხედავად იმისა, გავიდოდა თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატზე. პლუს, მეორე ადგილისთვის ბონუს-თანხას ის მიიღებდა სპორტის სამინისტროდანაც.

...2015 წლის აპრილში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კახა ცხადაძეს, ეგრეთ წოდებულ უხელფასო პერიოდში, უპროცენტო სესხი მისცა 100 000 აშშ დოლარის სახით. შემდგომში ცხადაძეს ყოველთვიურად ეჭრებოდა თანხა და დღევანდელი მომაცემებით, 50 000 დოლარი გასასტუმრებელი აქვს. და ამ თანხის განულებაც შევთავაზე ახალი კონტრაქტის ხელმოწერის შემთხვევაში.

...ცხადაძეს სხვა დავალიანებაც აქვს. 2009 წლის ივნისში ფედერაციის აღმასკომზე საკითხი განიხილეს: ცხადაძემ თავად ითხოვა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებიდან წასვლა ბაქოს "ინტერში". აი რა წერია ფედერაციის მაშინდელ განცხადებაში: "ცხადაძემ განგვიცხადა, რომ მისთვის უმთავრესია ფინანსური მომენტი". აღმასკომმა ცხადაძე გაათავისუფლა 21-წლამდელებიდან, კომპენსაციის სახით კი კახას 40 000 ლარი უნდა გადაეხადა ფედერაციისთვის. ეს თანხა არაა გადახდილი.

...და ამის შემდეგ ვსვამ კითხვას: საჭიროა თუ არა ნაკრებში მწვრთნელი, რომელსაც არ აქვს იმედი, რომ პროგრამა-მინიმუმს შეასრულებს და ამიტომაც ითხოვს ფიქსირებულ ხელფასს და უარს ამბობს ბონუს-სისტემაზე. კახამ ყველანაირად სცადა, რომ სიტუაცია არეულიყო.

...ნაკრების ყველა ფეხბურთელთან განახორციელა ზარი, რათა მხარში დასდგომოდნენ. ფეხბურთელებმა არ იცოდნენ საქმის ვითარება და მხარს ამიტომაც უჭერდნენ განცხადებებში.

...მძიმე თემაა, რომ ცხადაძისთვის თურმე ფედერაციის პრეზიდენტის შეთავაზება არაფერს ნიშნავს და თურმე, მისი თქმით, მე კი არა, სხვა იღებს გადაწყვეტილებებს. თან ამას ამბობს და თან აღნიშნავს, ლევან კობიაშვილი ჩემი მეგობარიაო. კი ბატონო, ჩემი მეგობარიცაა, მაგრამ ეს ბრალდება ჩემთვის შეურაცხმყოფელია: ლევან კობიაშვილი იყო და დარჩება დამოუკიდებელ პრეზიდენტად.

...მძიმე მოსასმენი იყო ისიც, რაც ცხადაძემ გუშინ თქვა: თურმე მხოლოდ ახლა გაიგო, რა შესთავაზა ფედერაციამ. ეს არის ტყუილი და აბსოლუტური სისულელე. ცხადაძის კონტრაქტში წერია, რომ ფედერაციას ნებისმიერ დროს შეუძლია მწვრთნელის პირობებს გადახედოს. ცხადაძე ამბობს, ეს მხოლოდ მომდევნო შესარჩევის ბოლოს შეიძლებაო. რა სისულელეა?! შესარჩევი ციკლი 2017 წლის შემოდგომაზე მთავრდება და მერე რაღას უნდა გადაეხედოს, 2017 წლის 31 დეკემბერს კონტრაქტის ვადაც სრულდება და რაღაა გადასახედი?

...სანამ კობიაშვილია სფფ-ის პრეზიდენტი, ვერავინ ვერ ჩაერევა მის კომპეტენციაში. და ამაოდ ცდილობენ ვიღაცეები, რომ საქმე არიონ ფედერაციაში. ვამბობ იმ პიროვნებებზე, რომლებიც აქამდე იყვნენ ფედერაციაში და პირადი ინტერესებიდან გამომდინარე მუშაობდნენ. იცოდნენ, რომ მათი ადგილი ქართულ ფეხბურთში აღარ დაბრუნდება!

...ცხადაძის ბოლოდროინდელი ამბებიც სწორედ იმ ჯგუფის ინიციატივაა, რომლებმაც 3 ოქტომბერს ფედერაციის არჩევნები წააგეს და ეს ვერ მოუნელებიათ!

...უახლოეს პერიოდში აღმასკომი შეიკრიბება და განიხილავს ცხადაძის გათავისუფლების საკითხს, თუმცა პირადად ჩემთვის ეს საკითხი გადაწყვეტილია: ის ვეღარ იმუშავებს ნაკრებში. გულდასაწყვეტია, მაგრამ კახამ ყველაფერი გააკეთა საამისოდ. ...ახალი მწვრთნელის კანდიდატურები? ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

კახა ჭუმბურიძე: "ცხადაძემ მეხუთე ადგილზე მყოფი ნაკრები ჩაიბარა და ჯგუფიც მეხუთეზე დაასრულა. ნამდვილად ჰქონდა გამონათებები და ფედერაციამ სწორედ ამიტომ შესთავაზა ახალი კონტრაქტი, რომელიც იქნებოდა შედეგზე ორიენტირებული. კახამ ამაზე უარი განაცხადა და თანაც, ასეთი აგრესიული და მიუღებელი ფორმებით".

დავით მუჯირი: "კახა ცხადაძემ არა მხოლოდ ფედერაციას, არამედ სახელმწიფო ორგანოებსაც ზიანი მიაყენა თავისი სიტყვებით. ფედერაცია და სპორტის სამინისტრო ერთობლივად აპირებენ პროექტების ამუშავებას და გვსურს, რომ კლუბების თანაბრად დაფინანსების სისტემა თებერვალშივე ამოქმედდეს. ასეც მოხდება და გუნდები ჩემპიონატის განახლებისას უკვე ნორმალურ სიტუაციაში იქნებიან. საწყენი ისაა, რომ ხელისშემშლელი პიროვნებები არიან, 3 ოქტომბრის შემდეგ ყველაფერს რომ ცდილობენ სიტუაციის ასარევად".

0.124332