საქართველოს ვიცეჩემპიონი ბათუმის “დინამო” მეორე წრისთვის მზადებას განაგრძობს. აჭარული კლუბის სპონსორი რომ ცნობილი თურქული სატრანსპორტო კომპანია metro გახდა, რომელმაც “დინამოს” საჩუქრად გადასცა ავტობუსი, უკვე გაცნობეთ. რაც შეეხება წმინდა საფეხბურთო თემებს, გუნდმა მზადება 9 იანვარს დაიწყო, ხოლო 27-ში დინამოელები გეზს თურქეთისკენ აიღებენ და ანტალიაში 9 თებერვლის ჩათვლით დარჩებიან.
როგორც worldsport.ge-ს “დინამოს” პრეზიდენტმა ოთარ ფედიჩკინმა განუცხადა, მისი გუნდი თურქულ შეკრებაზე 5 შეხვედრას გამართავს, მეტოქეებიც ცნობილია: სლოვაკური “პოდბრეზოვა”, უნგრული “პაკში”, რუმინული “ბოტოშანი”, ყაზახური “ირტიში” და უკრაინული “ზორია”.
“გუნდი 9 იანვარს ბათუმში შეიკრიბა, რის შემდგომაც ორჯერ ვარჯიშებზე გადავიდა. 27 იანვარს, ანტალიაში გავემგზავრებით და მეორე წრისთვის მზადებას იქ გავაგრძელებთ 9 თებერვლის ჩათვლით, ხოლო შემდეგ ისევ ბათუმში მოვემზადებით, სანამ ეროვნული ჩემპიონატი განახლდება. თურქეთში 5 ამხანაგური თამაშია დაგეგმილი.
“დინამო” დატოვა კაპიტანმა ბორის მახარაძემ, რომელიც თბილისის “ლოკომოტივში” გადავიდა, ხოლო დიმიტრი ტატანაშვილი მეორე წრეშიც “სიონის” მაისურით ითამაშებს. ახალწვეულიც გვყავს – თბილისის “დინამოდან” არჩილ ტვილდიანი დავიმატეთ. დავამატებ, რომ რამდენიმე ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, თუმცა ამ ეტაპზე გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ. ყველაფერი 3-4 დღეში გაირკვევა.
ბათუმის სტადიონის მშენებლობა აპრილის ან მაისის თვეში დაიწყება, მანამდე კი, მარტში, სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება. რაც შეეხება ბაზას, მისი მშენებლობა უკვე დაწყებულია და წესით, სექტემბერში დასრულებული უნდა იყოს. ბათუმის “დინამოს” ევროსტანდარტების ბაზა ექნება.
მინდა აღვნიშნო, რომ ქალაქ ბათუმისთვის სტადიონი ძალიან მნიშვნელოვანია. ქობულეთში ბევრი გულშემატკივარი დაყვება გუნდს, მაგრამ იქ ჩასვლა ერთ ადამიანს 10 ლარი მაინც უჯდება და ბევრისთვის ეს თანხა ფუფუნებაა”, - გვითხრა ფედიჩკინმა.