კალათბურთი

0:42 | 23.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

206 ქულა სტამბოლურ დერბიში

საოცარი მატჩი გაიმართა სტამბოლში, სადაც მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკა” დერბიში რიკი ჰიკმანის “ფენერბაჰჩეს” დაუხვდა და გუნდებმა ჯამში 206 ქულა ჩააგდეს – 100:106.

ევროლიგის კვალობაზე ძალიან უხვქულიან შეხვედრაში ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 23:11 წუთში 10 ქულა და 1 პასი მოაგროვა. მანუჩარმა 4-დან 2 ორქულიანი და 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

რაც შეეხება ჰიკმანს, რომელიც 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა, მან მხოლოდ 06:55 წუთს ითამაშა და სამ ქულას და ერთ პასს დასჯერდა.

მასპინძელთა რიგებში 22 ქულით საუკეთესო ლუკ ჰერენგოდი იყო, სტუმართაგან კი ბობი დიქსონი (24 ქულა), ეკპე უდო (21 ქულა) და იან ვესელი (16 ქულა, 13 მოხსნა) გამოირჩნენ.

“ფენერბაჰჩემ” პირველ მეოთხედში 37 ქულის ჩაგდება მოახერხა და სოლიდური სხვაობითაც იგებდა, თუმცა, “დარუშაფაკას” გადარჩენამდე მაინც ცოტა დააკლდა. ბოლო წამებზე ჩამორჩენა სამ ქულამდე დავიდა და ფავორიტმა საფინალო სირენამდე ინერვიულა.

ევროლიგის ტოპ-16-ის E ჯგუფში მარკოიშვილის კლუბს ოთხივე მატჩი წაგებული აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება. სტამბოლელები მორიგ შეხვედრას 29 იანვარს, სტუმრად ათენში ჩაატარებენ, სადაც მათი მეტოქე ერთადერთი თამაშის მომგები “პანათინაიკოსი” იქნება.

0.114364