იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსს” ურუგვაელი მცველი მარტინ კასერესი არ ეთმობა. როგორც sky sport-ი იუწყება, 28 წლის ფეხბურთელის შეძენა “რომას” სურს, რადგან “ჯალოროსის” ახალ თავკაც ლუჩანო სპალეტის უნივერსალი კასერესი ძალიან მოსწონს. დედაქალაქელებს იმედი ჰქონდათ, რომ “იუვეს” ხელმძღვანელებს ადვილად დაიყოლიებდნენ, რადგან კასერესს “ბებერ ქალბატონთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და დიდი შანსია, ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდეს. მიუხედავად ამისა, “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ რომის “ლაციოსთან” თამაშის შემდეგ კასერესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“ჩვენთვის გუნდში მისი ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია”, - აღნიშნა ალეგრიმ.
როგორც იტალიური მედია წერს, კასერესის აგენტი დანიელ ფონსეკა, რომელსაც ფეხბურთელობისას “იუვენტუსშიც” უთამაშია და “რომაშიც”, უახლოეს დღეებში იტალიაში ჩავა და ტურინული გრანდის ხელმძღვანელობას შეხვდება.
კასერესი “იუვეში” 2012 წლის ზამთრიდან მოყოლებული ასპარეზობს და თუ წინა სეზონებში თამაში ხშირად უწევდა, წელს ასე არაა. მარტინმა აქამდე ყველა ტურნირის ჩათვლით მხოლოდ 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ კასერესს დაცვის ცენტრის გარდა, ორივე ფლაგზეც შეუძლია თამაში.