საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები პოლონეთთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. გუნდმა სამშაბათს ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” ივარჯიშა.
წვრთნა 16:00 საათზე დაიწყო და ორშაბათისგან განსხვავებით, თემურ ქეცბაიას კრებულს სამი ფეხბურთელი დაემატა. ნაკრებს კაპიტანი დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” ნახევარმცველი ჯაბა კანკავა შეუერთდა, რომელიც ქართველ ლეგიონერთა იმ რიცხვს მიეკუთვნება, ვინც თავის კლუბში სტაბილურად თამაშობს. ქეცბაიას განკარგულებაშია იტალიური სერია A-ს “ემპოლის” ფორვარდი ლევან მჭედლიძე. ის ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში შეკრებაზე ბოლო ორ მატჩშიც გამოიძახეს, მაგრამ ტრავმის გამო ნაკრებში ვერ გამოცხადდა.
ორწლიანი შესვენების მერე, ნაკრებში პოლონეთის ექსტრაკლასას “იაგიელონიას” ფორვარდი ნიკა ძალამიძე დაბრუნდა, რომელსაც ტრავმის მიზეზით ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა და მიმდინარე სეზონში კარგ ფორმაშია.
პოლონელები თბილისში ჩარტერული რეისით ჩამოფრინდებიან და მედიის 40-მდე წარმომადგენელი ჩამოჰყვებათ. მომავალი შეხვედრა 14 ნოემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.