ფეხბურთი

10:50 | 22.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილი უკვე სასტარტოში, ჯანო ისევ არ ჩანს

ცოტა ხნის წინ, თურქულ “ესკიშერისფორში” გადაბარგებულმა თორნიკე ოქრიაშვილმა ახალი გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა. მართალია, ოთხი დღის წინ, “ოქრის” დებიუტი სტამბულის “ფენერბაჰჩესთან” მატჩში შედგა, თუმცა მაშინ 23 წლის ქართველმა მოედანზე 12 წუთი გაატარა. ამჯერად კი, თორნიკეს თურქეთის თასზე “ბოლუსფორთან” მატჩში 90 წუთი დაეთმო. მისმა გუნდმა კი მეტოქეს 2:0 აჯობა, თავის ქვეჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ “ბურსასფორს” 5 ქულით ჩამორჩება.

სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას განაგრძობს გერმანიის II ბუნდესლიგის ბინადარი “ფრაიბურგი”, რომელიც შვეიცარიის ჩემპიონ “ბაზელს” დაუზავდა – 1:1. გერმანული გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში და მოედანზე 77 წუთი გაატარა იმედისმომცემმა ქართველმა ნახევარმცველმა ლუკას ჰუფნაგელმა.

მეორე წრის სამზადისში პირველი ამხანაგური თამაში ჩაატარა დავით თარგამაძის “ოლექსანდრიამ”, რომელიც სოფიის ცსკას გაეჯიბრა და 2:4 წააგო. საქართველოს ნაკრების ყოფილი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-20 წუთზე შეცვალეს. თუმცა, ვინაიდან თამაში ამხანაგურ ხასიათს ატარებდა, თარგამაძე მეორე ნახევარში მოედანზე ისევ გამოჩნდა.

აბუ დაბიში შეკრებაზე მყოფმა მოსკოვის “სპარტაკმა” ჩინურ “ხენიანს” აჯობა – 1:0. “სახალხო გუნდის” ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, რომელმაც ეს-ესაა ვარჯიში სრული დატვირთვით განაახლა, მოედანზე არ გამოჩენილა – როგორც ჩანს, ჯერ ბოლომდე მზად ისევ არაა. სამაგიეროდ, მეორე 45 წუთი ითამაშა “სპარტაკის” თავდამსხმელმა გიორგი მელქაძემ, რომელსაც რუსული პასპორტი აქვს.

0.154231