„ფორს ინდიას“ სერხიო პერესი თვლის, რომ მისი თანგუნდლი ნიკო ჰულკენბერგი, ფ1-ის თანამედროვე პილოტების საუკეთესო სამეულში შედის. მექსიკელი ასევე ამბობს, რომ ჰულკენბერგი უძლიერესია იმ თანაგუნდელებს შორის, რომლებიც ფ1-ის კარიერაში ჰყოლია. ეს კი მართლაც დიდი კომპლიმენტია, რადგან „მაკლარენში“ მისი თანაგუნდელი, ჯენსონ ბატონი იყო.
ერთ გუნდში ყოფნისას, ჰულკენბერგმა პერესს უკლებლივ ყველა საკვალიფიკაციო რბოლაში აჯობა. თუმცა გასულ სეზონში მექსიკელმა მასზე 20 ქულით მეტი დააგროვა. ამასთან, ერთხელაც ვერ მოახერხა კვარცხლბეკზე ასვლა. პერესი ამბობს, რომ თანაგუნდელისგან ბევრ რამეს სწავლობს. მისი თქმით, თუ ჰულკენბერგს აჯობებს, მაშინ მისი დამმარცხებელი არავინ იქნება.
რა თქმა უნდა, კარგი შეფასებაა, მაგრამ საინტერესოა, იტყოდა თუ არა იგივეს პერესი, სეზონი ჰულკენბერგზე უკან რომ დაესრულებინა? ნებისმიერ შემთხვევაში, გერმანელის ქებით, საკუთარ თავსაც აქებს. ეს სრულიად აშკარაა. თუმცა, თქმა არ უნდა, რომ ქებას თავადაც იმსახურებს.
მაგრამ რაც შეეხება ტოპ სამეულს, თუ ჰულკენბერგს მასში შევიყვანთ, მოქმედ ჩემპიონთაგან ვინმე გარეთ დარჩება. ამ ჩემპიონების ანგარიშზე კი 9 ტიტულია. სებასტიან ფეტელს ოთხი აქვს მოპოვებული, ლუის ჰამილტონს სამი და ფერნანდო ალონსოს - ორი. ტიტულების რიცხვის მიხედვით, გარეთ რჩება კიმი რაიკონენი, რომელიც „მხოლოდ“ ერთხელ იყო ჩემპიონი. ჰულკენბერგი კი კარიერაში ერთხელაც არ მდგარა კვარცხლბეკზე.
ესეც რომ არა, ფ1-ს ჰყავს ისეთი ძლიერი პილოტები, როგორებიც არიან ნიკო როსბერგი, დანიელ რიკარდო, ვალტერი ბოტასი და რა თქმა უნდა, ამომავალი სუპერ ვარსკვლავი მაქს ფერსტაპენი...







