ფეხბურთი

20:55 | 21.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტარიელ ხეჩიკაშვილი: “პროცენტებით მანიპულირებას სჯობს ციფრები დაასახელოს”

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და მას ურჩია, პროცენტებით მანიპულირების ნაცვლად კონკრეტულ ციფრებზე ისაუბროს.

მინისტრის თქმით, შედეგებიდან გამომდინარე ნაკრების მწვრთნელი, ვინც არ უნდა იყოს ის, ანაზღაურების სახით თვიურ 120 ათას ლარს სახელმწიფოს მხრიდან არ უნდა იღებდეს. თუმცა, იქვე მან დასძინა, რომ ამა თუ იმ ფედერაციას, შეუძლია ნებისმიერი თანხა გადაუხადოს მწვრთნელს, ოღონდ ამისათვის თანხების მოძიება თავად მოუწევს, სახელმწიფო კი, ფედერაციებს თანხებს კონკრეტული პრობლემებისთვის ურიცხავს.

ტარიელ ხეჩიკაშვილი: “მინდა განმარტებები გავაკეთო საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახი ცხადაძის განცხადებაზე. უწინარესად აღვნიშნავ, რომ სპორტის მინისტრი მწვრთნელის დანიშვნა-არდანიშვნაში მონაწილეობას არ იღებს და არ ერევა ფეხბურთის ფედერაციის და აღმასკომის გადაწყვეტილებაში, რომლის პირდაპირი პრეროგატივაცაა ამ საკითხის მოგვარება. მე დღეს და გუშინ არ მითქვამს, რომ წინააღმდეგი ვარ საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის თვიური ანაზღაურება 120 ათასი ლარი იყოს და ეს პოზიცია მინისტრად დანიშვნის პირველსავე დღეს, მაისში დავაფიქსირე. ანაზღაურება უნდა იყოს რეალობის და შედეგების პროპორციული - ასეთია ჩემი დამოკიდებულება არა მხოლოდ ფეხბურთის, არამედ ყველა სპორტის სახეობის მწვრთნელების მიმართ.

საფეხბურთო ნაკრების შედეგებიდან გამომდინარე, ჩემთვის ეს თანხა მიუღებელი იყო და ფეხბურთის ფედერაციას მაშინვე მივმართე, რომ თუ მათ სურვილი ჰქონდათ, შეეძლოთ მოეძიათ თანხები და მწვრთნელის ხელფასი თავად განესაზღვრათ. როდესაც ცხადაძე პროცენტებით მანიპულირებს, სჯობს კონკრეტულ თანხებზე ისაუბროს. მიგვაჩნია, რომ ქართულ ფეხბურთში უამრავი პრობლემაა, მოსაგვარებელია უამრავი საკითხი რეგიონებში და ბავშვთა ფეხბურთში და ამ დროს სახელმწიფოს მხრიდან მთავარი მწვრთნელისთვის ასეთი ოდენობის ხელფასის დანიშვნა არასწორი იქნებოდა. თუმცა ვიმეორებ, ეს შიდა საქმეა და მინისტრი ფედერაციის შიდა საქმიანობაში არ ერევა.

რატომღაც, ცხადაძეს ახლა გაახსენდა ეს საკითხი და ის, რომ ქართული ფეხბურთი უმძიმეს სიტუაციაშია. ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის დროს იგივე სიტუაცია იყო, მაგრამ მაშინ რატომღაც ხმა არავინ ამოიღო. საინტერესოა, რატომ არ სურს ცხადაძეს ბონუსების სისტემის დანერგვა? ეს ხომ დამატებითი მოტივაცია იქნება. სახელმწიფომ ფული მხოლოდ იქ უნდა დახარჯოს, სადაც შედეგია და თუ ვინმეს სურს მწვრთნელის დამატებითი ანაზღაურება, ვიმეორებ, შეუძლია თანხები თავად მოიზიდოს.

მე ცხადაძესთან ამ საკითხის განხილვა არც მქონია და არ მესმის საიდან მოაქვს განცხადება, თითქოს მე მას ვუთხარი, რომ ხელფასს არ გადავუხდიდი. ცხადაძესთან სულ 2-წუთიანი შეხება მქონდა, როდესაც გადაცემაში ვიყავით, 2 წუთში კი, მსგავსი საკითხები არ წყდება. და კიდევ ერთი, ცხადაძე დიდი ფეხბურთელი და წარმატებული სპეციალისტია, ჩემი განცხადება კი, პირადად მას კი არა, ზოგადად სისტემას ეხებოდა. ვფიქრობ, ასეთ სიტუაციაში ფეხბურთის ფედერაციამ და ცხადაძემ თავად უნდა გააკეთონ განმარტებები და გაასაჯაროონ მოლაპარაკების დეტალები.

არასდროს ვყოფილვარ ვინმეს ლობისტი, არც კლუბში და მით უმეტეს ახლა. მწვრთნელი, რომელიც მომწონდა, ჩემს კლუბში მყავდა და “დინამოს” მწვრთნელს ნამდვილად არ ვლობირებ. ვიმეორებ, მწვრთნელის დანიშვნა ფედერაციის პრეროგატივაა და მიმაჩნია, სწორი იქნება, თუ შეიქმნება ანაზღაურების ბონუსების სისტემით გადახდა.”

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116927