ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოზე კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) დასაფიქსირებლად გმირულ ბრძოლას განაგრძობს. ტოჩინოშინმა მიჯრით მე-3 გამარჯვება იზეიმა და თუკი ამდენივე დარჩენილ შეხვედრაშიც იმარჯვა, მიზანს მიაღწევს.
დასავლეთის კომუსუბის წოდების მქონე ქართველმა სეკიტორმა დასავლეთის პირველ მაეგაშირა შოჰოძანს ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში უკვე მეხუთედ სძლია (ამჯერად, უვატენაგეთი) და 7 მარცხის წილ მე-5 მოგება დააფიქსირა. ბრძოლა ძალიან მძიმე გამოდგა და ლამის წუთს გაგრძელდა.
ტოჩინოშინს წარმატებული სვლის გაგრძელების კარგი შანსი აქვს, რადგანაც მომდევნო შერკინება არცთუ კარგ ფორმაში მყოფ დასავლეთის მე-3 მაეგაშირა კაისეისთან ელის. ბრაზილიელ სუმოისტს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სუპერტურნირზე უკვე 9 ბრძოლა აქვს წაგებული.
ისევ თანაბარ ბალანსზე (6 მოგება, 6 წაგება) გავიდა გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი, რომელმაც დასავლეთის მე-13 მაეგაშირა ტაკანოივასთან უვატენაგეთი წააგო (კარიერაში პირველად).
იოლი გამოსათვლელია, რომ დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ქართველ გოლიათს კაჩი-კოშისთვის დარჩენილი 3 ბრძოლიდან ორის მოგებაც ეყოფა. გაგამარუს შემდეგი მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა ტაკეკაძე იქნება.
ჰაცუ ბაშოზე ერთადერთ დაუმარცხებელ მებრძოლად იაპონელი ოძეკი კოტოშოგიკუ რჩება, რომელმაც ზედიზედ მე-12 გამარჯვება იოკოძუნა ჰარუმაფუჯისთან იზეიმა. შედეგად, ამ უკანასკნელს 2 მარცხი მოუგროვდა, კოტოშოგიკუს უახლოეს მდევრად კი იოკოძუნა ჰაკუჰო რჩება, რომელმაც მე-11 მოგება ოძეკი გოეიდოსთან იზეიმა.
ჰაცუ ბაშოს მე-12 დღის ვიდეომიმოხილვა