„ზაუბერმა“ გამოაცხადა, რომ მისი ახალი სარბოლო ავტომობილი, ბარსელონას პირველი წინასასეზონო ტესტებისთვის მზად ვერ იქნება. შვეიცარიულმა გუნდმა გასული სეზონი საკმაოდ კარგად ჩაატარა. წინა, მისთვის უქულო სეზონის შემდეგ, ეს განსაკუთრებით კარგად ჩანდა. მაგრამ სამწუხაროდ, ჰინვილელთაგან დამოუკიდებელი პრობლემის გამო, ახალი მანქანის დროულად მომზადებას ვერ ასწრებს.
„ზაუბერი“ აცხადებს, რომ დაგვიანბის მთავარი მიზეზი, კალენდარში და ამის შესაბამისად, სატესტო სეზონის განრიგში მომხდარი ცვლილებაა, რომელიც ბერნი ეკლსტოუნის მოთხოვნით მოხდა. კერძოდ, ოდნავ წინ გადაინაცვლა სეზონის პირველმა რბოლამ - ავსტრალიის დიდმა პრიზმა. ამან კი გავლენა ტესტების სეზონის თარიღებზეც იქონია.
„ზაუბერი“ გეგმავდა, რომ ბოლიდი მარტის დასაწყისისთვის ჰქონოდა მზად, როცა პირვანდელი განრიგით, ტესტები უნდა დაწყებულიყო. კალენდრის და ტესტების განრიგის შეცვლის შემდეგ კი გუნდმა აჩქარებას, ძველი განრიგით მუშაობა და მანქანის მეორე ტესტებისთვის მომზადება ამჯობინა.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ „ზაუბერი“ პირველ ტესტებს გამოტოვებს. ბარსელონაში ის გასული სეზონის მოდიფიცირებული და ახალ ფერებში გამოწყობილი ბოლიდთ გავა. ტესტების პირველი სერია 22 თებერვალს დაიწყება. „ზაუბერ C35“ კი ტრასაზე პირველად ბარსელონაშივე, 1 მარტს დაგეგმილ, ტესტების მეორე სერიაზე გამოვა.







