ქართველმა კალათბურთელმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ლიბანურ “ჩემპვილში” დაბრუნების შემდეგ, ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა.
ცქტიშვილის კლუბი ჩემპიონატის მე-4 ტურში “ჰოოპსს” დაუხვდა და ოვერტაიმში 94:97 დამარცხდა, ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტმა კი 53-ს უწია, რაც ძალიან იშვიათი მაჩვენებელია.
ნიკოლოზმა მოედანზე 42:58 წუთი გაატარა და გუნდს 33 ქულა, 11 მოხსნა, 1 პასი, 6 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. მან 9-დან 4 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 16-ვე (!) საჯარიმო ჩააგდო.
ისიც ვთქვათ, რომ ქართველმა ლეგიონერს ბურთი არ დაუკარგავს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 13-ჯერ დაჯარიმდნენ, მოკლედ, შეუჩერებელი იყო.
სამწუხაროა, რომ ცქიტიშვილის ასეთი გარჯის მიუხედავად, “ჩემპვილმა” მარცხი განიცადა და ერთადერთი მოგებით 9-გუნდიან ლიგაში მე-8 ადგილზეა. ნიკას კლუბი მომდევნო მატჩს 25 იანვარს, სტუმრად, მე-6 პოზიციაზე მყოფ “ტადამონთან” ჩაატარებს.
ისიც ვთქვათ, რომ “ჰოოპსთან” წაგების გამო განაწყენებულმა “ჩემპვილის” ქომაგებმა არეულობა მოაწყვეს, რის გამოც კლუბს მომდევნო 2 საშინაო მატჩისთვის (“ალ რიადისთან” და “ბიბლოსთან”) დისკვალიფიკაცია მიეცა.