ჩილეს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ხორხე სამპაოლიმ დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია ჩილეს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა.
“ხორხე სამპაოლისთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვეტილია”, - წერს ჩილეს ფეხბურთის ფედერაცია.
თავის მხრივ არგენტინელმა სპეციალისტმაც გააკეთა პირველი კომენტარი უმუშევრად დარჩენის შემდეგ:
“არ შემიძლია მუშაობის გაგრძელება იმ ადგილზე, სადაც ნაკლები მოტივაცია მაქვს, ვიდრე ადრე მქონდა”, - ამბობს სამპაოლი.
ხორხე სამპაოლი ჩილეს ნაკრებს 2012 წლის დეკემბრიდან მოყოლებული წვრთნიდა და გუნდი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში გაიყვანა, ხოლო გასულ ზაფხულს სამშობლოში გამართული კოპა ამერიკის ტურნირი მოაგებინა. სამპაოლის მომავალს ევროპასთან აკავშირებენ. ამ ეტაპზე ორი გუნდი სახელდება ყველაზე აქტიურად – ლონდონის “ჩელსი” და იტალიური “რომა”.