„მაკლარენმა“ გამოაცხადა, რომ თავისი ახალი სარბოლო ავტომობილის წარდგენის ცერემონიას, წინასასეზონო ტესტების დაწყების წინა დღეს, 21 თებერვალს ჩაატარებს. გასული, უაღრესად წარუმატებელი სეზონის შემდეგ, უოკინგელები და მათი პარტნიორი „ჰონდა“, მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ „მაკლარენის“ ჩავარდნის ძირითადი მიზეზი, „ჰონდას“ ძალური დანადგარის სისუსტე და არასაიმედობა იყო. მაგრამ „მაკლარენიც“ და „ჰონდაც“ აცხადებენ, რომ ამის მიზეზეი დადგენილი და გამოსწორებულია, რაც განვითარების და მოწინავეთა შორის დაბრუნების საწინდარი გახდება.
ეს ინფორმაცია „მაკლარენმა“ საკუთარ ტვიტერზე გამოაქვეყნა. ახალი სარბოლო ავტომობილის სახელია MP4-31. გუნდის პილოტები ისევ ჯენსონ ბატონი და ფერნანდო ალონსო იქნებიან.
„მაკლარენის“ გარდა, ახალი ბოლიდის ბარსელონაში, ტესტების დაწყების წინ წარდგენას სხვა გუნდებიც გეგმავენ. თუმცა უკვე ცნობილია, რომ პირველი ტესტების გამოტოვება „ზაუბერს“ მოუწევს.
ბარსელონაში პირველი ტესტები 22-25 თებერვალს გაიმართება.







