სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, მე-9-16 ადგილებისათვის შეხვედრაში ჰოლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მნიშვნელოვანი მატჩის წინ, ნაკრების წყალბურთელები, მწვრთნელები და გუნდის წევრები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სასტუმრო Crowne Plaza-ში მოინახულა და წარმატება უსურვა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ რურუა და ვიცე-პრეზიდენტები – ალექსანდრე ბითაძე და ალექსანდრე ნიკოლაიშვილი.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჯერჯერობით მოგების გარეშე თამაშობს და ამრიგად, გუნდი ჰოლანდიასთან პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად იბრძოლებს.
ჯგუფურ ეტაპზე ნაკრები რუმინეთთან, გერმანიასთან და იტალიასთან დამარცხდა, მერვედფინალური დაპირისპირება კი უნგრეთთან დათმო. ჰოლანდიასთან წარმატების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მე-9-12 ადგილებისათვის გააგრძელებს თამაშს.
მატჩი თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება, პირდაპირი ტრანსლაცია კი საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხით გადაიცემა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური