კალათბურთი

1:24 | 19.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

იგორ კოკოშკოვს სლოვენია ჩააბარეს
საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ახალი მწვრთნელის მოძიება მოუწევს

სერბი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი, რომელიც 2008 წლიდან მოყოლებული საქართველოს ეროვნული ნაკრების დამრიგებელი გახლდათ, სლოვენიის ეროვნული გუნდის თავკაცად დაინიშნა. ამ ინფორმაციას სლოვენიის კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 44 წლის კოკოშკოვს საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ამოეწურა და მან ქართულ საკალათბურთო სამყაროს სპეციალური განცხადებით მადლობაც კი გადაუხადა.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში იგორთან ხელშეკრულების გაგრძელებას არ გამორიცხავდნენ, ახლა კი, ოფიციალურად გაირკვა, რომ ეროვნული გუნდისთვის ახალი მთავარი მწვრთნელის მოძიება იქნება საჭირო.

კოკოშკოვმა სლოვენიელთა თავკაცის პოსტზე ათენის აეკ-ში გადაბარგებული იურე ზდოვცი შეცვალა და მასთან ერთწლიანი კონტრაქტი იქნა გაფორმებული. სლოვენიელები სერბ სპეციალისტთან თანამშრომლობას იმ შემთხვევაში გააგრძელებენ, თუკი ეროვნული გუნდი 2017 წლის ევროპის პირველობის საკვალიფიკაციო რაუნდის დაძლევას მოახერხებს.

“ჩემთვის სლოვენიის ეროვნული ნაკრების გაწვრთნა უდიდესი პატივია. ამდენად, მინდა, ამ ქვეყნის კალათბურთოს ფედერაციას ნდობისთვის მადლობა გადავუხადო. სლოვენიურ კალათბურთს დიდი პოტენციალი გააჩნია და ამასთან, ახალგაზრდულ ნაკრებებში არაერთი საინტერესო მოთამაშეა. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანი ევრობასკეტ-2017-ის საგზურის მოპოვება იქნება”, - აღნიშნა კოკოშკოვმა.

დასასრულ, ერთი საინტერესო დეტალიც. სლოვენიის კალათბურთის ფედერაციის ცნობით, მომავალი ევროპირველობის წილისყრა 22 იანვარს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში შედგება. ამდენად, უახლოეს პარასკევს შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობასაც შევიტყობთ და გამორიცხული არაა, იგორ კოკოშკოვი უკვე ქართველ კალათბურთელთა მოწინააღმდეგის რანგში ვიხილოთ.

0.12264