ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე იანვრის სუპერტურნირზე მე-7 მარცხი განიცადა და წაგებათა ლიმიტი ამოწურა.
დასავლეთის კომუსუბის წოდების მქონე ტოჩონოშინმა ამჯერად უშუალო კონკურენტ – აღმოსავლეთის კომუსუბი იკიოისთან წაიფორხილა (შიტატენაგეთი) და დიდი ალბათობით, ბანძუკეში (რეიტინგი) დაქვეითება არ ასცდება.
ქართველ სეკიტორს ორადორი მოგება აქვს და კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) დასაფიქსირებლად დარჩენილი ექვსივე ბრძოლის მოგება სჭირდება, რაც ურთულესი საქმე იქნება. ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა იჩინოჯო იქნება, რომელიც ლევანზე უარეს დღეშია – 1 მოგება, 8 მარცხი. ქართველი მას ურთიერთშეხვედრებში 5:2-ს ამარცხებს.
ჯერჯერობით, უარყოფითი ბალანსი (4 მოგება, 5 მარცხი) აქვს გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელსაც, რომელმაც დასავლეთის მე-15 მაეგაშირა კიტატაიკისთან უვატენაგეთი წააგო.
შეგახსენებთ, რომ თავად გაგამარუ დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით ირჯება, ჰაცუ ბაშოს მე-10 დღეს კი ძალებს დასავლეთის მე-14 მაეგაშირა ტოიოჰიბიკისთან მოსინჯავს. ეს უკანასკნელი ჩინებულ ფორმაშია და კაჩი-კოშიმდე ერთადერთი მოგება აშორებს. თეიმურაზი მასთან, ჯერჯერობით, 5:6-ს აგებს.
ტოკიოს ტურნირზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ იოკოძუნა ჰაკუჰო და ოძეკი კოტოშოგიკუ. პირველმა ზედიზედ მე-9 გამარჯვება სეკივაკე ტოჩიოძანთან იზეიმა, მეორემ კი – დასავლეთის მე-3 მაეგაშირა კაისეისთან.
ჰაცუ ბაშოს მე-9 დღის მიმოხილვა
გაგამარუს ორთაბრძოლა – 1:00-დან, ტოჩინოშინის – 7:07-დან